რეკომენდაციები.

საქართველოს სახალხო დამცველი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მდგომარეობის გამოსწორებას ითხოვს

2017 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისში, უზნაძის ქ. N111-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არსებული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შესახებ, რეკომენდაციით მიმართა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.

მოქალაქე ნ.თ.-ს განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ერთ-ერთმა შპს-მ უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაატარა, რამაც აღნიშნული ძეგლის დაზიანება გამოიწვია, დანგრეული და გაშიშვლებული საძირკველი კი საფრთხეს უქმნის მთლიანად შენობის კონსტრუქციულ მდგრადობას.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებები და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უმოქმედობა ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემული აქტები არ იყო მიმართული დარღვევის აღმოფხვრისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის უკვე მიყენებული ზიანის გამოსწორებისაკენ. ხოლო, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს თავისი ვალდებულებისა და უფლებამოსილების მიუხედავად, კანონშესაბამისი რეაგირება არ განუხორციელებია.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად, გაატაროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც კომპანიის მიერ ჩადენილი დარღვევის გამოსწორებასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კულტურული ფასეულობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას ადამიანის სულიერი, კულტურული და სოციალური განვითარებისათვის. კულტურული ფასეულობის მიმართ მოპყრობის, მისი დაცვის მთავარი კრიტერიუმი მისი ნამდვილობის შენარჩუნებაა და ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო მექანიზმებს, პრინციპებსა და ხარისხს აქვს. ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უმთავრესი გარანტი სახელმწიფოა და შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია ძეგლის ხელყოფის თითოეულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან დროული, ადეკვატური და ეფექტიანი ღონისძიებების გატარება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება