რეკომენდაციები.

რეკომენდაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს

სახალხო დამცველმა "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნათია ივანიძის გათავისუფლების საქმის შესწავლის რეკომენდაციით მიმართა.

2013 წლის 28 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა ნათია ივანიძის განცხადება საჯარო სამსახურიდან მისი უკანონოდ გათავისუფლების თაობაზე.

ნათია ივანიძე 2008 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტში. იგი დაკავებული თანამდებობიდან 2011 წელს გაათავისუფლეს.

როგორც ირკვევა, არ არსებობს განმცხადებლის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გამოცემის საფუძველი. ნათია ივანიძემ 2011 წლის 16 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა გათავისუფლების ბრძანების ასლი. მიღებული წერილის თანახმად, მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა საკუთარი ინიციატივის საფუძველზე. („საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 თავის 95-ე მუხლი). როგორც ნათია ივანიძე განმარტავს, მსგავსი განცხადებით მას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის არასოდეს მიუმართავს.

საქმის შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველმა 2013 წლის 3 ივნისს მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ნათია ივანიძის განცხადების ასლი მოითხოვა. პასუხის დაგვიანების გამო, სახალხო დამცველმა 2013 წლის 3 ივლისს განმეორებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

2013 წლის 11 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილით ცნობილი გახდა, რომ ნათია ივანიძის გათავისუფლდა 2011 წელს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის განკარგულებით და არ მოიპოვებოდა მისი განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდში განმცხადებელს 1 წლისა და 5 თვის ბავშვი ჰყავდა. როგორც ნათია ივანიძე განმარტავს, მისთვის ერთადერთ საარსებო წყაროს მისი შრომის ანაზღაურება წარმოადგენდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.“ თავდაცვის სამინისტროს მიერ დადასტურებული ფაქტი, გათავისუფლების შესახებ პირადი განცხადების არარსებობა, შეიძლება ჩაითვალოს აღნიშნული ტიპის ხარვეზად. შესაბამისად, არარსებობს მოხელის გათავისუფლების კანონიერი საფუძველი. („საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 თავის 95-ე მუხლი).

ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „მოხელე (ქალი) არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო“.

მოყვანილი გარემოებებიდან გამომდინარე სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ნათია ივანიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლებულია კანონმდებლობის დარღვევით.

დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით (სამსახურში მისი აღდგენის თაობაზე), 2012 წლის ოქტომბერში ნათია ივანიძემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შეიტანა განცხადება; თუმცა სამინისტროდან პასუხი არ მიუღია.

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს თავდაცვის მინისტრს, დაუყოვნებლივ ბათილად ცნოს ნათია ივანიძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რადგან ის გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და აღადგინოს იგი საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე შესაბამისი ანაზღაურებით. აგრეთვე მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები იმ პირთა მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით, რომლებსაც ევალებოდათ საკითხის დროული შესწავლა და რეაგირება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება