კონკურსის გამარჯვებულები

კონკურსი „მე ომბუდსმენი 2016“ – გამარჯვებულთა დაჯილდოება

2016 წლის 9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და საპარლამეტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კონკურსის „მე ომბუდსმენი 2016“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოეს.

2016 წელს კონკურსი „მე ომბუდსმენი“ მეშვიდედ გაიმართა. თამაში 10 ოქტომბერს დაიწყო და რეგისტრაცია 864 გუნდმა – 1728 მოსწავლემ გაიარა. პირველი და მეორე ტურის გავლის შემდეგ, მესამე, საფინალო რაუნდში მხოლოდ 11 გუნდი და შესაბამისად 22 მოსწავლე გავიდა. ფინალური რაუნდის ნაშრომები 3 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.

„მე ომბუდსმენის“ მთავარი მისია მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ და თქვენმა თანატოლებმა მიიღოთ ინფორმაცია სახალხო დამცველის და ზოგადად ადამიანის უფლებების შესახებ. მე მჯერა, რომ ამ კონკურსის დროს მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ გახდეთ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები და დაიცვათ თქვენი და სხვათა უფლებები“, – განაცხადა სახალხო დამცველმა და გამარჯვება მიულოცა ფინალში გასულ მოსწავლეებს. უჩა ნანუაშვილმა ასევე, მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს – კონკურსის ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერისათვის.

კონკურსში „მე ომბუდსმენი 2016“ პირველი ადგილი ფოთის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნინი ხაინდრავამ და ჯულიეტა ჯანელიძემ დაიკავეს (გუნდი „ჯუნი“), მეორე ადგილზე გავიდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მარიამ თორთლაძე და ნანა აფრიდონიძე (გუნდი „ოლიმპო“), ხოლო მესამე ადგილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის სკოლის მოსწავლეებს გვანცა ჭიღლაძესა და თამარ ჭიღლაძეს ერგოთ (გუნდი „თამარიონი“). მათ საჩუქრად ლეპტოპები, „აიპადები“ და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ.

ფინალში მონაწილე ყველა მოსწავლემ: ეთერ და ქეთევან კენჭოშვილებმა, ქეთა თავბერიძემ, გივი აბესაძემ, ლიზა ელიავამ, ალექსანდრა მატკავამ, აკაკი აბზიანიძემ, ირაკლი ნანავამ, ეკატერინე გეგეჭკორმა, ნინო ჭედიამ, ეკატერინე რუხაიამ, გიორგი ცხვიტარიამ, ალექსანდრე ნანეიშვილმა, ლევან გორგაძემ, ვალერი სიდამონიძემ და ირაკლი კაკულიამ სამახსოვროდ სერტიფიკატები, საქართველოს ისტორიის ოთხტომეული, ჩანთები და სხვა საჩუქრები მიიღეს.

„მე-ომბუდსმენი“ სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონკურსია 13-18 წლის მოსწავლეებისთვის. ომბუდსმენი არის პიროვნება, რომელიც მოქმედებს როგორც შუამავალი, წარმომადგენელი და ადამიანის უფლებათა დამცველი, მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის. ზოგიერთ ქვეყანაში ომბუდსმენს სახალხო დამცველს უწოდებენ.

საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური ინსტიტუტია, რომელიც ზედამხედველობს ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას.

სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას, სხვა მექანიზმებთან ერთად ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი კულტურა წარმოადგენს. სახალხო დამცველის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით გამართული კონკურსი „მე ომბუდსმენიც“ ამ კულტურის გავრცელების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

9.12.16

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება