ახალი ამბები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სახალხო დამცველსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის

2018 წლის 2 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების სტუდენტებს და პროფესორ–მასწავლებლებს შეხვდა. ნინო ლომჯარიამ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების გზაზე ადამიანის უფლებების სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ამ მიმართულებით ომბუდსმენის ინსტიტუტის საქმიანობა მიმოიხილა და სტუდენტებს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო.

შეხვედრის ბოლოს ხელი მოაწერეს მემორანდუმს საქართველოს სახალხო დამცველსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომელიც უმაღლესი განათლების საფეხურზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმება და განხორციელდება ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, სამეცნიერო სემინარები, კონფერენციები და საჯარო ლექციები. ამასთან, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს რეგულარულად მიაწვდის ინფორმაციას სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სავარაუდო უფლება–დარღვევების შესახებ, მისი კომპეტენციის ფარგლებში შემდგომი რეაგირების მიზნით.

შეხვედრა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ორგანიზებით შედგა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)