ტრენინგი ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე
2019 წლის 12-13 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვასა და უსაფრთხოების საკითხებზე, რომელსაც ესწრებოდნენ სახალხო დამცველის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლები.
ღონისძიების გახსნაზე სახალხო დამცველის პირველმა მოადგილე თამარ გვარამაძემ და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა იოკო აკასაკამ ლტოლვილთა დაცვისას არსებულ გამოწვევებსა და ყველა ჩართული უწყების როლზე ისაუბრეს.
ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაზე უცხოელთა, მათ შორის საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებრივ მდგომარეობასა და შესაბამის რეკომენდაციებზე სახელმწიფო უწყებების მიმართ. წარმოდგენილ იქნა გლუკის მანდატი და საქმიანობა საქართველოში, ასევე ლტოლვილთა დაცვისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ორგანიზაციის მოსაზრება.
ექსპერტმა ბესარიონ ბოხაშვილმა ისაუბრა ლტოლვილ პირებთან მიმართებით ევროპული კონვენციიდან გამომდინარე ვალდებულებებსა და სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობებზე; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, ექსტრადიციაზე, დეპორტაციასა და გაძევებასთან დაკავშირებულ საქმეებზე.
ორდღიან შეხვედრაზე გამოიკვეთა სახალხო დამცველის აპარატისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის მნიშვნელობა უცხოელთა, მათ შორის თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.
ღონისძიება ჩატარდა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით, „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა პროექტის ბენეფიციართა მდგომარეობის შესწავლაში“ პროექტის ფარგლებში.