ახალი ამბები

სპეციალური ანგარიში პარლამენტის დადგენილებაში ასახული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ

სახალხო დამცველმა წელს პირველად წარმოადგინა სპეციალური ანგარიში, სადაც დეტალურად არის შეფასებული საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის საფუძველზე, პარლამენტის 2019 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით სახელმწიფო უწყებებისთვის მიცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა.

სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სახალხო დამცველმა 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში 310 რეკომენდაციით მიმართა. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული რეკომენდაციების დაახლოებით 78% (244 რეკომენდაცია) გაიზიარა და მათი შესრულების უზრუნველსაყოფად 259 დავალება გასცა.

დადგენილებაში პარლამენტმა არ გაიზიარა სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშის 60 რეკომენდაცია, რომელთა ძირითადი ნაწილის მიზანი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა, მათ შორის თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებების დაცვა, უსახლკარო პირთა და ლგბტ+ თემის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე განათლების უზრუნველყოფა. აგრეთვე რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი მიემართებოდა ძალოვან უწყებებში გამჭირვალეობის ხარისხის ზრდის უზრუნველყოფას.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შედეგად შესრულებულად ფასდება გაცემული დავალებების 20%, ნაწილობრივ შესრულებულად 19%, ხოლო შეუსრულებლად 57%. სახალხო დამცველის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა, სახალხო დამცველის რეკომენდაციების უმრავლესობა დადგენილებაში ასახა და იგი სახელმწიფო უწყებებისთვის შესასრულებლად სავალდებულო გახადა, მათი შესრულების მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.

საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის საფუძველზე, იღებს დადგენილებას. აღნიშნული აქტით პარლამენტი აფასებს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ და სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად დავალებებს აძლევს სახელმწიფო უწყებებს. პარლამენტის მიერ დავალებების მიცემა საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ აქცევს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების იმპლემენტაციას. ამ მიზნით უწყებების მიერ პარლამენტის დავალებების შესრულების მონიტორინგს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ახორციელებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)