ახალი ამბები

შეხვედრა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე

2019 წლის 28 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დარგის სპეციალისტების მონაწილეობით ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს სტაციონარული და ამბულატორიული ფსიქიატრიული დახმარების, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების, დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემებზე. ხაზი გაუსვეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისთვის ალტერნატიული, თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარების აუცილებლობას.

მნიშვნელოვანი აქცენტი დაისვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვასა და პრევენციაზე, ფსიქიატრიისა და ნარკომანიის დარგების განსხვავებულ რეგულირებაზე და ამ მხრივ განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის სავარაუდო გზებზე.

სახალხო დამცველი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას და მათი მოგვარების მიზნით პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციას, სფეროს ექსპერტებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა თემის ჩართულობით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)