ახალი ამბები

შეხვედრა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში

2023 წლის 7 ნოემბერს კოპენჰაგენში ვიზიტით მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორს ჰენრიკ ვინსერს და დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს დორიტ სკაარუპ იენსენს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ლევანმა იოსელიანმა დანიელ დიპლომატებს სახალხო დამცველის აპარატის მანდატი და უფლებამოსილების ფარგლები, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან, ქსელებთან და საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის ფორმები გააცნო. ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივასა და ევროკომისიის მოსალოდნელ შეფასებაზე.

მხარეების განხილვის საგანს წარმოადგენდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა, გახმაურებული საქმეები, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებელი ადამიანების მძიმე უფლებრივი მდგომარეობა და 6 ნოემბერს, რუსული საოკუპაციო ძალის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა.

სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სოფელ კირბალთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს მხარდამჭერი განცხადების გავრცელებისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)