ახალი ამბები

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის 10 წლისთავი

2015 წლის 8 აპრილს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ექსპოზიციაზე – „საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება მხატვრობაში“, წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში დაცული 115 ნამუშევარი, რომლებიც XIX-ХХI საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელ მხატვართა მიერ არის შესრულებული და საქართველოს მრავალეროვნული და მრავალკონფესიური კულტურულ ტრადიციებს ასახავს.

ტილკეს, ზდანევიჩის, ფარაჯანოვის, ზომერის, ზანოვსკის, მელიქოვის, ბაიახჩევის, კობოშვილის, გველესიანის, შმერლინგის, ხაჩატურიანის, რომანოვსკის, შუხაევისა და ბებუთოვა–გაბუნიას სურათების გამოფენა 28 აპრილამდე გაგრძელდება.

ღონისძიებაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ტოლერანტობის ცენტრის 10 წლიანი მუშაობა მიმოიხილა და მადლობა გადაუხარა საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის აქტიური მხარდაჭერისათვის.

გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელი, საქართველოს გაეროს ასოციაციის ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი რამაზ აფციაური, ეროვნული მუზეუმების გამოფენების კურატორი ლელა წიწუაშვილი; ასევე, ეროვნული უმცირესობების და რელიგიათა საბჭოს წევრები.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა საქმიანობა 2005 წელს დაიწყო, ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების ჩამოყალიბებით. საბჭოების საქმიანობის კოორდინირების გარდა, ტოლერანტობის ცენტრი აქტიურად მუშაობს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ქსენოფობიის გამოვლენის, ასევე ტოლერანტობისა და თანასწორობის კულტურის განვითარებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით.

ღონისძიება საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დაფინანსებული (USAID) საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება“ (ANI) მხარდამჭერით გაიმართა.



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება