ახალი ამბები

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა

2015 წლის 3 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, სახალხო დამცველის მოადგილეებმა პაატა ბელთაძემ და ნათია კაციტაძემ, ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლებმა და რელიგიათა საბჭოს წევრებმა. შეხვედრას უძღვებოდა სახალხო დამცველი.

ღონისძიებაზე განიხილეს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს სამომავლო გეგმები, საბჭოსა და სახალხო დამცველის აპარატის შემდგომი თანამშრომლობის დეტალები, რელიგიათა საბჭოს უფლებამოსილებები და სამუშაო შესაძლებლობები; უფრო მჭიდრო და ხშირი თანამშრომლობისთვის პერიოდულ შეხვედრებზეც შეთანხმდნენ. ასევე ისაუბრეს სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობის საკითხებზე და ქვეყანაში ტოლერანტული კულტურის დამკვიდრებისა და სამოქალაქო განათლების დონის ასამაღლებლად ჩასატარებელ სამუშაოზე.

სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს 2015 წლის ტოლერანტობის ქომაგების საკითხზე, რომლებსაც სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები ყოველწლიურად ირჩევენ. სხვადასხვა ნომინაციაში ქომაგად გამოავლენენ იმ მედიასაშუალებას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ღიად შეუწყვეს ხელი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას საქართველოში.

ტოლერანტობის ქომაგებს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი 2015 წლის 13 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაასახელებენ.

3.11.15

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება