ახალი ამბები

სახალხო დამცველმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესრულება შეაფასა

2018 წლის 7 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა. გეგმის შესრულების პროცესში სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მიერ გამოვლენილ გამოწვევებზე ისაუბრა და დამსწრეთ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.

სახელმწიფოს მიერ ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციისა და უფლებების დაცვის საკითხში გატარებული პოლიტიკის და განხორციელებული პროგრამების ეფექტურობის შეფასებისას სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ მიიჩნია, რომ არასაკმარისია ის ინფორმაცია, რაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობის და სახელმწიფო სერვისების შესახებ მიეწოდებათ. აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა და წარმომადგენლობითობის გაზრდა, რეგიონული და უმცირესობების ენების ევროპული ქარტიის რატიფიცირება, სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში ეროვნული უმცირესობების ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა.

ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პრობლემურია ხარისხიანი, სკოლამდელი, უმაღლესი და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის, მულტილინგვური სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის, პედაგოგების მომზადება–გადამზადებისა და ახალი კადრებით ჩანაცვლების საკითხი. ეროვნული უმცირესობების ენოვან სკოლებში მაღალია საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრის მაჩვენებელი, რაც არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.

სასიამოვნოა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე მუშაობს მულტილინგვურ სახელმძღვანელოებში ჩვენი ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნების ასახვაზე; გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესების მიზნით, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები.

ანგარიშში კულტურის შენარჩუნებასა და ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით მრავალ საკითხთა შორის ხაზგასმულია ეროვნულ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის და მისი ტურისტულ სფეროში ინტეგრირების აუცილებლობა; ასევე, ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის საკითხები.

დიდ გამოწვევად რჩება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ეროვნული უმცირესობებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და ეროვნული უმცირესობების შესახებ ქართულენოვანი მოსახლეობის სწორი და ობიექტური ინფორმირების საკითხი.

მონიტორინგმა ცხადყო, რომ საქართველოში მიმდინარე და საქართველოსთან დაკავშირებული მოვლენები ეროვნულ უმცირესობებს ძალიან შეზღუდული ქრონომეტრაჟითა და ფორმით მიეწოდებოდათ. ასევე, არასაკმარისია ქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირება ეროვნული უმცირესობების კულტურის, ტრადიციების, ღირებულებების, ქვეყნის ცხოვრებაში პოზიტიური მონაწილეობისა და სხვა თემების შესახებ.

ღონისძიების მხარდამჭერია აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PITA).

7.05.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)