ახალი ამბები

სახალხო დამცველისა და მთავარი პროკურორის შეხვედრა

2015 წლის 31 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინიციატივით შეხვედრა გაიმართა საქართველოს მთავარ პროკურორთან გიორგი ბადაშვილთან, რომელსაც სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე და მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო იმ რამდენიმე საკითხის განხილვა, რომელიც სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიების და მსგავსი დანაშაულების პრევენციის, ასევე, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.

სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მისი რწმუნებულის ან პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის წევრისათვის დახურულ დაწესებულებებში მოთავსებული პირების მიერ, თუნდაც არასწორი, ან ცრუ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობის დაყენების დაუშვებლობაზე. განიხილეს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი ფაქტების სრულყოფილად და ეფექტურად გამოძიების, ასევე სწორი კვალიფიკაციის პრობლემები; პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებისა და წარმოების აუცილებლობა იმ შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავი უწყების თანამშრომელი, სამუშაო ადგილზე მის მიმართ განხორციელებულ იძულებასა თუ მუქარაზე საუბრობს. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მსგავს საქმეებს სწორედ მთავარი პროკურატურა იძიებდეს.

სახალხო დამცველი დაინტერესდა მიმდინარე წლის თებერვალში მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მუშაობით, რომელიც წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების, ასევე ქონების დათმობის მიზნით, მოქალაქეების მიმართ განხორციელებული მუქარისა თუ იძულების ფაქტებს შეისწავლის და იმედი გამოთქვა რომ ამ დეპარტამენტის მუშაობა გამჭვირვალე იქნება და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პროაქტიულად მიეწოდება.

დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მომავალი თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის, პრობლემური საკითხების სამუშაო ფორმატში განხილვისა და თანამშრომელთა სწავლება/გადამზადების კუთხით.

31.07.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)