ახალი ამბები

სახალხო დამცველის წინადადება საქართველოს მთავარ პროკურორს

2015 წლის 4 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის ო.გ.–ს მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს.

მსჯავრდებულის განმარტებით, 2015 წლის 18 თებერვალს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ინსპექტორებმა და უსაფრთხოების ოფიცრებმა ჩაიყვანეს ადმინისტრაციული კორპუსის საკარანტინო განყოფილებაში, სადაც გააშიშვლეს და გაჩხრიკეს, შემდეგ შეიყვანეს დეესკალაციის ოთახში, სადაც კვლავ შეამოწმეს, რის შემდეგაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მსჯავრდებულის მტკიცებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების თანამშრომელებმა მას მხრის სარტყლის წინა ზედაპირზე ანთებული სიგარეტით მიაყენეს ფიზიკური დაზიანება და თან დასცინოდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მსჯავრდებულის N8 დაწესებულებაში მონახულებისას ო. გ–ს ორივე მხრის სარტყლის წინა ზედაპირებზე ოვალური ფორმის დაზიანების კვალი აღენიშნებოდა.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება ო.გ.-ს მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე; დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მსჯავრდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად; და ასევე, დროულად მოხდეს მითითებული ფაქტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერების ამოღება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება