ახალი ამბები

სახალხო დამცველის შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში

2018 წლის 16-18 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სამუშაო შეხვედრები გამართა ფონდის - ეროვნული წვლილი დემოკრატიაში (NED), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), ამერიკის ეროვნული განვითარების ინსტიტუტის (NDI) და ორგანიზაცია Freedom House-ის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე ნინო ლომჯარიამ ისაუბრა სახალხო დამცველის მანდატზე, ფუნქციებსა და საქმიანობაზე; განიხილა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, მათ შორის, სიტყვისა და გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვის კუთხით და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები; შეაფასა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა; ისაუბრა მოწყვლადი ჯგუფების პრობლემებსა და მათ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვასთან დაკავშირებულ სირთულეებზე (ენობრივი ბარიერი, შშმპ პირთათვის ხელმისაწვდომობის საკითები, ეთნიკური უმცირესობების დაბალი წარმომადგენლობა არჩევით ორგანოებში). განხილვის საგანი იყო ასევე, ქალთა და ბავშვთა უფლებები.

ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, სადაც ისაუბრა საქართველოში მედიის თავისუფლების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების თაობაზე. შეაფასა საქართველოში მართლმსაჯულებისა და სასამართლო ხელისუფლების წინაშე არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებით რეფორმების დროულ გატარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ასევე, ისაუბრა სახალხო დამცველის, როგორც კონსტიტუციური მანდატის მქონე საზედამხედველო ორგანოსა და მისი საქმიანობის შესახებ.

16.05.18-18.05.18



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)