ახალი ამბები

სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ვიზიტი

2015 წლის 14 და 15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები: ნორვეგიის, ჰელსინკის კომიტეტის მრჩეველი ოგე ბორჩგრევინკი, კონფლიქტებისა და თანამშრომლობის ექსპერტი იორგენ იოჰანსენი და გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სოლიდარობის საკითხებში ვირჯინია დანდანი ეწვივნენ.

ორდღიან შეხვედრაზე სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის აპარატის წევრებმა გასული წლის საქმიანობის შესახებ მოკლე მიმოხილვა წარმოადგინეს, ისაუბრეს სახალხო დამცველის მანდატის გაფართოვების შედეგად, აპარატში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახლადჩამოყალიბებული დეპარტამენტების მუშაობის მიმართულებებს და სამოქმედო გეგმას.

საერთაშორისო ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს სახალხო დამცველის ინიციატივა ადამიანის უფლებათა სკოლის შექმნის შესახებ, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება და განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებაში.

15 აპრილს, შეხვედრებისა და კონსულტაციების შემდგომ, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს.

უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტების წინაშე ზოგადად მიმოიხილა ექსპერტთა საბჭოს გასული წლის რეკომენდაციები და მათი შესრულების შედეგები. საბჭოსთან თანამშრომლობითა და მათი რჩევების საფუძველზე სახალხო დამცველმა არაერთი კვლევა ჩაატარა და რამდენიმე ანგარიში მოამზადა კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობას, ასევე გააქტიურა თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ქალბატონმა ვირჯინია დანდანმა საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესახებ ისაუბრა; აღნიშნა, რომ 15 წლის განმავლობაში საქართველოს არ წარუდგენია ანგარიში გაეროს სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის შესრულების შესახებ. ამ თვალსაზრისით, ექსპერტი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველს დიდი როლი აკისრია დაარწმუნოს საქართველოს ხელისუფლება ზემოხსენებული ანგარიშის მომზადების აუცილებლობაში.

ბატონმა ოგე ბორჩგრევინკმა 2012 წლის აგვისტოში ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამოძიების საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშისა და რეკომენდაციებისა, ასევე საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი ინტერესის მიუხედავად, გამოძიების თვალსაზრისით, დღემდე რაიმე პროგრესი არ შეინიშნება.

ბატონმა ოგე ბორჩგრევინკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი მუდმივად ადევნებს თვალს საქართველოში მსგავსი საქმეების გამოძიების მიმდინარეობას და სრულიად იზიარებს სახალხო დამცველის რეკომენდაციას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზე.

ბატონმა იორგენ იოჰანსენმა დადებითად შეაფასა სახალხო დამცველის მიერ უკანასკნელ წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით გაწეული საქმიანობა და აღნიშნა, რომ ასეთი დიდი მნიშვნელობისა და დატვირთვის მქონე ორგანიზაციას ძალიან მცირე საოფისე ფართი აქვს და შენობა არ არას საკმარისი თანამშრომელთა გაორმაგებული რაოდენობისთვის, ასევე, არ არის ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანთათვის. საერთაშორისო ექსპერტი აუცილებლად მიიჩნევს, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს სახალხო დამცველის აპარატისთვის უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხო შენობის მოკლე ვადებში გამოყოფა.

მრჩეველთა საბჭოს შექმნა სახალხო დამცველის 2013 წლის სამოქმედო სტრატეგიული გეგმის ნაწილი იყო. საბჭოს მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და ამ კუთხით პრიორიტეტებისა და პერსპექტივების განსაზღვრა. მრჩეველთა საბჭოს წევრია ასევე, გაეროს სპეციალური მომხსენებელი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებათა საკითხებში მაინა კიაი, რომელმაც შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)