ახალი ამბები

სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

2015 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს ბორის სილევიჩს და კერსტინ ლუნდგრენს შეხვდა, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე.

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. ისაუბრა პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე, სოციალურ საკითხებზე, დევნილთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე; განიხილა ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების მონიტორინგის მიმდინარეობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. სტუმრები ცალკეული საქმეების შესახებ სახალხო დამცველის პოზიციითაც დაინტერესდნენ.

შეხვედრაზე პაატა ბელთაძემ ხაზი გაუსვა, რომ კვლავ აქტუალურია სახალხო დამცველის მთავარი რეკომენდაცია – დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნისთაობაზე, რაც ხელს შეუწყობს გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის ხარისხს ამაღლებას; ასევე, გაზრდის მოსახლეობის ნდობას სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების ვიზიტის მიზანია ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.

13.10.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება