ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა, 28 აპრილი კი - სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღე. აღნიშნული თარიღებისადმი გამოხმაურებით, გვსურს ხაზი გავუსვათ შრომითი უფლებების სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს, რათა ამ საკითხებზე ყურადღების მუდმივად გამახვილებით, ხელი შევუწყოთ ერთის მხრივ, მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ხოლო მეორეს მხრივ, პასუხისმგებელი უწყებების მგრძნობელობის გაზრდას.

საქართველოში შრომითი უფლებების სფეროში უმწვავეს პრობლემას უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენს. იმედია, რომ არსებული მდგომარეობის გამოსწორება შეუქცევადი პროცესი იქნება მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან, მას შემდეგ რაც ამოქმედდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სანქციები. ამავდროულად, მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონმდებლობის კიდევ მეტად განვითარება და დახვეწა იმისათვის, რომ თითოეული დასაქმებულის ჯანმრთელობა და სიცოცხლე სამუშაო ადგილებზე მაქსიმალურად იყოს დაცული.

სახალხო დამცველი მუდმივად მიუთითებს შრომის კოდექსში არსებულ ხარვეზებზეც. კერძოდ, არ არის განსაზღვრული დღიური სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა, კვირაში სამუშაოდღეების რაოდენობა, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური დასაშვები ზღვარი, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალი. არგანსაზღვრულა, აგრეთვე, შრომის მინიმალური ადეკვატური ანაზღაურების ოდენობა. პრობლემურია შრომის მოქმედი კანონმდებლობის აღსრულების პრაქტიკაც. მიუხედავად რიგი საკანონმდებლო გარანტიების არსებობისა, რეალურ ცხოვრებაში ისინი ხშირად არ სრულდება.

სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში აგრძელებს ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობის მონიტორინგს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას არსებული ვითარების გამოსასწორებლად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)