ახალი ამბები

სახალხო დამცველი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას შეხვდა

2018 წლის 1 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ზაზა სარალიძეს შეხვდა და მისი ვაჟიშვილის, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის შესახებ აპარატში მიმდინარე საქმის დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

სახალხო დამცველის აპარატი მომხდარი ტრაგედიის დღიდან ჩართულია და აწარმოებს გამოძიების მონიტორინგს, ესწრება დახურულ სასამართლო პროცესებს და რადგან განაჩენი სასამართლომ უკვე გამოაცხადა, სახალხო დამცველს მიეცემა შესაძლებლობა გაეცნოს საქმის მასალებს. ნინო ლომჯარიას განცხადებით ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია მოხდეს საქმის ობიექტური და დროული გამოძიება და დადგინდეს ვინ არის არასრულწლოვანის მკვლელობაში დამნაშავე პირი თუ პირები.

სახალხო დამცველმა ასევე მოისმინა ზაზა სარალიძის მოთხოვნები და მოლოდინები სახალხო დამცველის მისამართით და განაცხადა, რომ იგი თავისი მანდატის ფარგლებში, პროაქტიულ რეჟიმში შეისწავლის საქმეს, რათა დადგინდეს, რამდენად ობიექტურად, სრულყოფილად და სამართლიანად წარიმართა გამოძიება, ქონდა თუ არა ადგილი გარკვეულ გადაცდომებს, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა პროკურატურამ, რომ დანაშაულის პროცესში მხოლოდ 2 პირი იყო ჩართული და ა.შ.

სახალხო დამცველის აპარატი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ დასკვნას მოამზადებს, რომელსაც საზოგადოებას წარუდგენს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)