ახალი ამბები

სახალხო დამცველი ტყიბულში მინდელის შახტაში მივიდა

2018 წლის 5 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ტყიბულში ჩავიდა და მინდელის სახელობის ქვანახშირის შახტის ადმინისტრაციას, დასაქმებულებს, პროფკავშირების წარმომადგენლებსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. სახალხო დამცველმა პირადად მიიღო ინფორმაცია შახატშიგანვითარებული მოვლენების შესახებ, რამაც ადამიანთა დაღუპვა და დაშავება გამოიწვია.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, აუცილებელია საგამოძიებო სამსახურმა დროულად და ეფექტიანად გამოიკვლიოს კატასტროფის მიზეზები, დაადგინოს რამ გამოიწვია შახტის ჭერის ჩამოშლა ბუნებრივმა მოვლენებმა თუ უპასუხისმგებლობამ. ამასთან, აუცილებელია გაეცეს პასუხი კითხვას, შეიძლებოდა თუ არა კატასტროფის წინასწარ განსაზღვრა, რაც მის მასშტაბს და ტრაგიკიულ შედეგს აგვაცილებდა თავიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ წლებია სახალხო დამცველი კატეგორიულად და ინტენსიურად ითხოვს ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას. ამ საკითხზე 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც არის საუბარი. პრობლემისადმი უყურადღებობამ შემაშფოთებლად გაზარდა სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი დადებითად აფასებს 2017 წელს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღებას, თუმცა კანონი ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა სრულყოფილად, ამასთან, შესამუშავებელია მთელი რიგი რეგულაციები და უსაფრთხოების დამცავი ნორმები.

სახალხო დამცველი ყურადღებით დააკვირდება გამოძიების პროცესს. ამასთან, საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას შრომის უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

5.04.18

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)