ახალი ამბები

სახალხო დამცველი გმობს არასრულწლოვანთათვის ძალადობის კადრების ჩვენებას

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 2015 წლის 15 მარტს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში გასულ რეპორტაჟს სამეგრელოს რეგიონში სკოლის მოსწავლეებისთვის ძალადობის კადრების ვიდეო ჩვენების ფაქტთან დაკავშირებით.

გავრცელებული ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ინიციატივით, სამეგრელოს რეგიონის რამდენიმე ქალაქის საჯარო სკოლების პედაგოგებმა და დირექტორებმა, 12-დან 17 წლამდე მოზარდები ორგანიზებულად წაიყვანეს საქალაქო თეატრებში, სადაც წინა ხელისუფლების 9-წლიან მმართველობაზე ესაუბრნენ და ციხეში გადაღებული ცნობილი სკანდალური კადრები აჩვენეს.

ბავშვის უფლებათა კონვენცია იცავს ბავშვს ნებისმიერი სახის ძალადობისგან და მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, რათა არასრულწლოვანის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას, უპირატესი ყურადღება დაეთმოს მისი ინტერესების უკეთ დაცვას.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს საჯარო სკოლების დამოუკიდებლობა რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისგან და დაუშვებლად მიიჩნევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზებას. მოზარდისთვის ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების ჩვენება ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უარყოფითად მოქმედებს მის ფსიქიკაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს სასტიკი და მოზარდის ნორჩი ფსიქიკისათვის საფრთხის შემცველი კადრების ჩვენებას არასრულწლოვანთათვის და იწყებს აღნიშნული ფაქტის შესწავლას. ამასთან, მოუწოდებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება და კანონის ფარგლებში გაატაროს ყველა საჭირო ზომა, რათა სამომავლოდ თავიდან იქნეს აცილებული არასრულწლოვანთა უფლებადარღვევის მსგავსი შემთხვევები.

საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას, სახალხო დამცველი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება