ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის ვიზიტი ევროპის საბჭოში

2018 წლის 22-26 იანვარს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს ეწვია. 23 იანვარს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების თემაზე მოხსენება გააკეთა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ტენდენციებზე, განხორციელებულ ცვლილებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე გამყოფი ხაზის გასწვრივ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ საგანგაშო ვითარებაზე და წუხილი გამოთქვა, რომ საოკუპაციო ძალა საერთაშორისო მისიებს არ აძლევს შესაძლებლობას ადგილზე მოახდინონ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგი.

სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა პირობებისა და ჯანდაცვის ორგანიზების კუთხით გატარებული რეფორმა და მიღწეული პროგრესი, თუმცა მიაჩნია, რომ დაკავების ადგილებში გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტები დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე მიუთითებს.

გამოსვლისას სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მთელი რიგი ინსტიტუციური და სისტემური რეფორმებისა, ქვეყანაში კვლავ რჩება დამოუკიდებელი სასამართლოს პრობლემა; თანასწორობის მდგომარეობაზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე.

მიუხედავად რელიგიის თავისუფლების სფეროში მიღწეული პროგრესისა, მნიშვნელოვანი დაბრკოლებები არსებობს რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების კუთხით.

სახალხო დამცველმა ასევე განიხილა გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება, მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები და სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება.

შეხვედრის მონაწილეთა კითხვების პასუხად სახალხო დამცველმა აფგან მუხთარლის საქმეზე დაწყებული გამოძიების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია წარმოადგინა; ხაზი გაუსვა საკითხის მნიშვნელობას და პირველივე შესაძლებლობისთანავე მუხთარლისთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მხრიდან საქმის ჯეროვანი აღსრულებისა და კანონდარღვევაში პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და დასჯისთვის სწრაფი ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრა. სამართლებრივ პრობლემად შეაფასა მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი ექსკლუზიური და აბსოლუტური უფლებამოსილების - შეწყალების აქტის გამოცემის გამო მსჯავრდება.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ეროვნული დელეგაციების წევრები, ევროპის საბჭოში აკრედიტებული ელჩები და ევროპის საბჭოს სხვა ოფიციალური პირები.

2018 წლის 22–26 იანვარს სტრასბურგში გამართული ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს გაბრიელა ბატაინი-დრაგონის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს ვოიცეხ სავიცკის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ, გუიდო რაიმონდს და საქართველოსთან მიმართებით არჩეულ მოსამართლე ლადო ჭანტურიას, ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მუჟნიეკსს, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დირექტორატის გენერალურ დირექტორ კრისტოს ჯაკომოპულოს, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის დირექტორს კლაუდია ლუჩიანის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს ნიკოლას სიტაროპულოსს.

შეხვედრებზე სახალხო დამცველმა ოკუპირებულ და გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა, მართლმსაჯულების, არასათანადო მოპყრობის, თანასწორობის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)