ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

31 მარტი ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნა უკავშირდება ცნობიერების ამაღლებას ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების, მათი საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ.

სამწუხაროდ, საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის კვლავ პრობლემად რჩება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა და სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობა. საზოგადოებაში არსებული ტრანსფობიური დამოკიდებულებები მჭიდრო კავშირშია ძალადობრივი ფაქტების მასშტაბებთან. ამასთან, სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევა არასაკმარისია. ზემოყოველივე აღნიშნული კი ტრანსგენდერ ადამიანებს უხილავ სოციალურ ჯგუფად აქცევს და ვერ უზრუნველყოფს მათთვის ძალადობისგან დაცლილი გარემოს შექმნას.

ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა პირდაპირ კავშირშია ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სამოქალაქო აქტებში სქესის ჩანაწერის ცვლილების არარსებობასთან. სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, დღემდე მოუგვარებელია გენდერული მარკერის შეცვლის პროცედურა, რაც თავის მხრივ დამატებით პრობლემებს ქმნის განათლების, დასაქმების, შრომის და ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

სახალხო დამცველი აგრძელებს მუშაობას იმ პრობლემებისა და გამოწვევების წინააღმდეგ, რომლის წინაშეც ტრანსგენდერი თემი დგას და მოუწოდებს პასუხისმგებელ უწყებებს, პროაქტიულად იმოქმედონ ჰომო/ტრანსფობიური ძალადობისაგან დაცლილი საზოგადოებრივი სივრცეებისა და სერვისების შექმნისა და დანერგვის მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)