ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი ჩაბუქის ადვოკატს, მის მეუღლესა და შავის ზღვის უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდა

2018 წლის 1 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის დემირელის სახელობის კოლეჯის ყოფილი მმართველის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატს, მის მეუღლესა და შავის ზღვის უნივერსიტეტის პროფესორებსშეხვდა.

თურქეთის რესპუბლიკის მოთხოვნით დაკავებულ მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა 24 თებერვალს ეწურება. თბილისის საქალაქო და შემდგომ სააპელაციო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს ჩაბუქისადა მისი ოჯახის წევრების საჩივარი, რომელიც საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან უარის თქმას შეეხებოდა. თავის მხრივ, ამ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხიც.

სახალხო დამცველი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებას და ვარაუდობს, რომ თურქეთში შესაძლოა ჩაბუქი არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი გახდეს. ამასთან, არ არსებობს გარანტია, რომ მისი საქმის განხილვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპების მიხედვით მოხდება, რასაც არაერთი ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის მონიტორინგის დასკვნაც ადასტურებს.

„საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა არ განახორციელოს პირის ექსტრადირება იმ ქვეყანაში, სადაც ის შეიძლება გახდეს არაადამიანური მოპყრობისა და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. შესაბამისად, სახალხო დამცველი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს – მიმართავს ადგილობრივ და ევროპულ სასამართლოებს სასამართლო მეგობრის მოსაზრებით, ასევე მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა ეს ადამიანი არ დაექვემდებაროს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადირებას“, – განაცხადა სახალხო დამცველმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ჩაბუქის ოჯახის წევრების მიმართ არაერთი მუქარის შედეგად საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ისინი დაცვის სპეციალურ პროგრამაშიც კი ჩართო.

დაკავებულის მეუღლე თუბა ჩაბუქი და ადვოკატი სოსო ბარათაშვილი იმედოვნებენ, რომ სახალხო დამცველის მიერ გატარებული ღონისძიებები შედეგიანი იქნება და დემირელის კოლეჯის ყოფილი მმართველის ექსტრადიცია არ მოხდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხს და გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს.

1.02.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)