ახალი ამბები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე

2016 წლის 11 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 3 ივლისის დადგენილებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის განხილვა დაიწყო.

15 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა წარმოადგინა.

სახალხო დამცველის რეკომენდაციის – ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შექმნასა და ფუნქციონირებას მუნიციპალიტეტების ცენტრებსა და სოფლებში, სადაც არსებობს მოსახლეობის შესაბამისი მოთხოვნა – პასუხად, მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო დონეზე საკითხი მოგვარებულია, ამასთან, მუშავდება სხვადასხვა სახის პროგრამები და მიმდინარეობს მათი გაცნობა რეგიონების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისათვის.

რაც შეეხება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ფარგლებში ეროვნული უმცირესობების ენებზე სწავლების მქონე სკოლების სხვადასხვა საგნის პედაგოგთა მომზადებისა და გადამზადების ეფექტიანი და ხელმისაწვდომი სისტემის შექმნას, პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში, ეროვნული უმცირესობების სკოლებში მიავლინა მასწავლებელთა სამი ჯგუფი, რომლებიც ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად იმუშავებენ. მივლენილი მასწავლებლების ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ადგილობრივი პედაგოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათთვის სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსების შეთავაზებისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების გაზიარების გზით.

ამასთან, 2015 წლის სექტემბრიდან ძალაში შევიდა „მასწავლების საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“, რომელში ჩართვის ვალდებულებაც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლის ყველა, მათ შორის არაქართულენოვან მასწავლებელს ეკისრება.

მესამე რეკომენდაცია გულისხმობდა – სამოქალაქო ინტეგრაციისა და კულტურათაშორისი დიალოგის მხარდაჭერის მიზნით, იმ ფაკულტეტებსა და კურსებზე, სადაც ე.წ. ერთს პლუს ოთხი სისტემის სტუდენტები სწავლობენ, სწავლების პროცესის პარალელურად, კულტურათაშორისი და ეთნოსთაშორისი დიალოგის ხელშემწყობი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას და ამ პროგრამებში უმრავლესობის და უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობის მიცემას.

მინისტრის პირველი მოადგილემ რამდენიმე მაგალითი მოიყვანა იმის დასადასტურებლად, რომ „1+4’’ პროგრამის ფარგლებში ჩართული სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა კულტურათაშორისი და ეთნოსთაშორისი დიალოგის ხელშემწყობი საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში.

რეკომენდაცია იყო – სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნული უმცირესობების თვითიდენტიფიკაციის მხარდაჭერის მიზნით, მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მოთხოვნის შემთხვევაში, მისცეს მათ მშობლიური ენის სასკოლო განათლების ფარგლებში შესწავლის შესაძლებლობა.

როგორც ლია გიგაურმა განაცხადა, ქართულ ენაში მომზადების პროგრამების სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების ცენტრის“ მიერ დაგეგმილ პროექტებსა და ღონისძიებებში. ისინი ესწრებიან სხვადასხვა საჯარო ლექციებს, მონაწილეობენ დისკუსიებში, სხვადასხვა კონკურსებში. პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მათ ინტეგრაციას ყოველდღიურ ცხოვრებაში. გაიზარდა საბაკალავრო საფეხურის სტუდენტების ჩართულობა ქართული ენის შესასწავლი მოსამზადებელი საფეხურის სტუდენტების პროგრამაში.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებების შესაბამისად, 2015-2016 სასწავლო წლიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში დაიწყო მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენების სწავლება. არჩევითი საგნების ნუსხას დაემატა მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა საბაზო საფეხურის სტანდარტების შესაქმნელად.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება; კერძოდ, ეროვნული უმცირესობების ენებზე სწავლების მქონე სკოლებისთვის, საგნობრივი პედაგოგების მომზადებისა და გადამზადების ეფექტური სისტემა არ არის ჩამოყალიბებული.

რაც შეეხება საგანმანათლებლოდაწესებულებებშიფიზიკურიგარემოსხელმისაწვდომობისუზრუნველყოფისპროცესისგაძლიერებას, მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, გამოიყო დაფინანსება და რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი უკვე სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის. პროცესი კვლავ გრძელდება მონტაჟდება ლიფტები და პანდუსები, ხორციელდება „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა“.

სახალხო დამცველის შეფასებით, მართალია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მთელი რიგი რეკომენდაციები გაიზიარა, თუმცა კონკრეტულად ხელმისაწვდომი ფიზიკური გარემოს შესახებ უნდა ითქვას, რომსასწავლო დაწესებულებების ძირითადი რაოდენობა არ არის ადაპტირებული შშმ პირთათვის და ეს საკითხი სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს.

ასევე სახალხო დამცველი დაინტერესდა რა ალტერნატიული ღონისძიებები ხორციელდება გალის რაიონში მშობლიური ენაზე სწავლის შეზღუდვის საკომპენსაციოდ. ლია გიგაურის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან, აწვდიან მათ სახელმძღვანელოებს და დამხმარე სახელმძღვანელოებს, პედაგოგებს უტარებენ ტრენინგებს, ხოლო მოსწავლეებისთვის ტარდება საზაფხულო სკოლები.

15.02.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)