სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიმართვა ტოლერანტობის ცენტრის, რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების 15 წლისთავთან დაკავშირებით
სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები, გილოცავთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს! ამავდროულად, მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ, დაარსებიდან 15 წელი შეგვისრულდა.
15 წლის წინ სახალხო დამცველის და, ერთი მხრივ, რელიგიური გაერთიანებების, ხოლო მეორე მხრივ, ეროვნულ უმცირესობათა ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით შეიქმნა ტოლერანტობის ცენტრი, რელიგიათა საბჭო და ეროვნულ უმცირესობათა საბჭო. დღეს კი უკვე შეიძლება ითქვას, რომ ცენტრი და საბჭოები, ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის ყველაზე ეფექტურ მოდელად ჩამოყალიბდა.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი ეს წლები ვიყავით თანასწორობის, თავისუფლების, ტოლერანტობის ღირებულებათა დაცვის საქმეში თანმიმდევრულები და პრინციპულები. სწორედ ამის გამო, ტოლერანტობის ცენტრისა და საბჭოების საქმიანობამ პოზიტიური გავლენა იქონია საქართველოში რელიგიის თავისუფლების დაცვასა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე.
სახალხო დამცველის, ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიათა საბჭოს კოორდინირებული მუშაობით, ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად, დაიწყო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების, ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევების თამამი მხილება და აღნუსხვა, სახელმწიფოსგან ასეთ შემთხვევებზე რეაგირების მოთხოვნა. შესაძლებელი გახდა რელიგიასთან დაკავშირებული დისკრიმინაციული კანონმდებლობის დიდი ნაწილის გაუქმება, რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის ლიბერალური რეჟიმის შემოღება, სასჯელაღსრულების სისტემაში ღვთისმსახურთა დაშვების დისკრიმინაციული წესის შეცვლა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზაციის ინიციატივისთვის ერთსულოვანი წინააღმდეგობის გაწევა, რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ სპეციალური კანონის მიღების მცდელობათა ფართო წინააღმდეგობა, სკოლებში რელიგიის ცალმხრივი, დისკრიმინაციული ხასიათის სწავლების შემოღებისთვის ხელის შეშლა; ასევე, საქართველოს კონსტიტუციის რეფორმის ფარგლებში, კონსტიტუციიდან რელიგიის თავისუფლების შემზღუდავი 3 შეუსაბამო მუხლის ამოღება, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების სისტემაში რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების ასახვასთან დაკავშირებული კრიტერიუმების შეტანა და ბევრი სხვა, დიდი თუ მცირე პრობლემის გადაჭრა და თანასწორობაზე ორიენტირებული არა ერთი საკითხის წამოწევა.
მეორე მხრივ, ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციები საფუძვლად დაედო საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშესაწყობად ბოლო 15 წელიწადში განხორციელებულ მრავალ სახელმწიფო პროგრამასა და აქტივობას:
- სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციებისა და წინადადებების შესაბამისად, ჩამოყალიბდა ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და სამოქმედო გეგმა
- ჩამოყალიბდა და გაძლიერდა ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების სისტემა
- ეროვნული უმცირესობების ენებზე ითარგმნა სასკოლო სახელმძღვანელოები და ხელი შეეწყო თარგმანის ხარისხის გაუმჯობესებას
- დაიწყო არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგების მომზადება/გადამზადება; ეროვნული უმცირესობებისთვის შემოღებულ იქნა უმაღლესი განათლების ე.წ. 1+4 სისტემა
- მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობებისთვის სასკოლო განათლების ფარგლებში დაინერგა მშობლიური ენის სწავლება
- განსაკუთრებული ყურადღება მიექცა თბილისის სომხური და აზერბაიჯანული თეატრების რეაბილიტაციის საკითხს
- რესტავრაცია ჩაუტარდა ეთნოგრაფიულ მუზეუმში ე.წ. ოსურ სახლს
- მხარდაჭერილ იქნა ნინოწმინდაში ე.წ. „სიროტსკი დომ-ი“
- ქვემო ქართლის მეჩეთების ნაწილი შეტანილ იქნა საქართველოს კულტურული მემკვიდროების ძეგლთა ნუსხაში
- მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ეროვნული უმცირესობების ინფორმირების სისტემის განვითარებისკენ
- საარჩევნო-პოლიტიკურ პროცესებში ეროვნული უმცირესობების სრულფასოვნი მონაწილეობის მიზნით, ეროვნული უმცირესობების ენებზე ითარგმნა საარჩევნო დოკუმენტაცია და განხორციელდა სხვადასხვა პროგრამა
ასევე, ადვოკატირება გაეწია სხვა მრავალ საკითხს, რომლის ნაწილიც განხორციელდა, ნაწილი კი კვლავ პრობლემად რჩება.
ამ ხნის განმავლობაში, ტოლერანტობის ცენტრმა, რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოებთან ერთად, არა ერთი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება შევძელით: გამოიცა ენციკლოპედიური კრებულები „ეთნოსები საქართველოში“ და „რელიგიები საქართველოში“, იბეჭდებოდა ჟურნალი „სოლიდარობა“; ჩატარდა სასკოლო ვიქტორინები რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების ცოდნის გამოსავლენად; გაიმართა მედია კონკურსები, გამოფენები, დისკუსიები უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში თუ სხვ.
ტოლერანტობის ცენტრი, საბჭოებთან ერთად, ძალისხმევას არ იშურებდა ქსენოფობიის, კონკრეტულად, არმენოფობიის, თურქოფობიის, ისლამოფობიის, ანტისემიტიზმის გამოვლინებების წინააღმდეგ საბრძოლველად. ვმუშაობდით რელიგიური და ეთნიკური ნიშნით არსებული ნეგატიური სტერეოტიპების და მითების გასანეიტრალებლად.
საამაყოდ მიგვაჩნია, თბილისში ასურულ კათოლიკური ეკლესიის მშენებლობისა და ამოქმედებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების განეიტრალებაში აქტიური მონაწილეობის მიღება; სხვადასხვა პროტესტანტული ჯგუფების თანმიმდევრული დაცვა; ერთობლივი ძალისხმევით, სოფელ ფლატეში ისტორიული მეჩეთის ნგრევის შეჩერება, ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროში, ჭელაში, მოხეში ქობულეთსა თუ ბათუმში მუსლიმთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, რამაც ამ ეტაპისთვის უკვე გამოიღო მნიშვნელოვანი შედეგები.
ერთ-ერთ მთავარ მიღწევად უნდა დასახელდეს, რომ ურთულეს, ხშირად სრულიად არაკეთილგანწყობილ გარემოში მუშაობის მიუხედავად, ბევრი დაბრკოლების გადალახვის შედეგად, შევძელით შეგვექმნა და დღემდე შეგვენარჩუნებინა თანასწორობაზე დამყარებული თანამშრომლობისა და დიალოგის სივრცე, სადაც ჟღერდა უმცირესობათა პრობლემების შესახებ რეალური, შეულამაზებელი, კრიტიკული ხმა. შევძელით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და ზოგჯერ დაპირისპირებული რელიგიური ჯგუფებისა და ეთნიკური ორგანიზაციების ერთ სივრცეში ჰარმონიული თანაარსებობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
ყოველივე ამის გამო, ევროპის საბჭოს, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI), ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის (FCNM) შეფასებებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში ხაზგასმულია ტოლერანტობის ცენტრისა და საბჭოების როლი; ცენტრსა და საბჭოებთან სახელმწიფოს თანამშრომლობას, ჩვენი რეკომენდაციების შესრულებას განსაკუთრებული, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში უმცირესობათა უფლებებისა და ტოლერანტობის მდგომარების შეფასების თვალსაზრისით.
ყოველივე ამასთან ერთად, გვინდა განსაკუთრებულად აღვნიშნოთ, რომ 15 წლის განმავლობაში, ჩვენს საქმიანობას მხარს უჭერდნენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი (ECMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), რის გამოც მათ, კიდევ ერთხელ, გულითად მადლობას ვუხდით და მომავალი თანამშრომლობისთვის მზაობასა და იმედს გამოვთქვამთ.
აქვე გვსურს გულისტკვილით აღვნიშნოთ, რომ საქართველოში, ჩვენს საერთო სამშობლოში, ჯერ კიდევ დიდი და მრავალმხრივი გამოწვევის წინაშე დგას რელიგიის თავისუფლების სრულფასოვანი დაცვა, მიუღწეველი მიზანია თანასწორუფლებიანი გარემო და შეფერხებულია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი.
შეიძლება ითქვას, რომ მთელი რიგი მიმართულებებით არ არის დაძლეული სისტემური დისკრიმინაცია, იქნება ეს კანონის უზენაესობის დაცვა, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია, განათლების სისტემაში, განსაკუთრებით სასკოლო სივრცეში უთანასწორო გარემო, ძალადობა თუ შეუწყნარებელი, სტერეოტიპების საფუძველზე ჩამოყალიბებული სოციალური განწყობები, რომლებიც უმცირესობებს სტუმრებად, უცხოებად, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ან სულაც ქვეყნისთვის მტრულ ძალად წარმოაჩენს. უმცირესობათა წარმომადგენლები სრულყოფილად ისევ არ არიან ჩაბმულნი ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.
ძვირფასო მეგობრებო, ამ სისტემური პრობლემების დაძლევის გარეშე, ჩვენ ვერ ავაშენებთ თავდაჯერებულ, ძლიერ, ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების პატივისმცემელ საქართველოს, რომელზეც ჩვენი სახელოვანი წინაპრები დავით აღმაშენებელი, სულხან-საბა ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ოვანეს თუმანიანი, მემედ აბაშიძე, ფარიხან სოფიევა ოცნებობდნენ. ვერ ავაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომელიც ნამდვილად გამორჩეული იქნება ტოლერანტობის კულტურით და ხელს შეუწყობს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების დაცვასა და განვითარებას.
დღეს აუცილებლად უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, შევახსენოთ ყველას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დავდგეთ ერთად ადამიანის უფლებათა შელახვის, შეუწყნარებლობის, დამცირების, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ!