ახალი ამბები

სახალხო დამცველმა ტოლერანტობის ქომაგები დააჯილდოვა

2018 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომელზეც ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების მიერ გამოვლენილი ტოლერანტობის ქომაგები დააჯილდოეს.

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ მედიასაშუალებას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას.

თავისი გამოსვლა სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა ახალგაზრდა აქტივისტის ვიტალი საფაროვის შეუწყნარებლობის ნიადაგზე მკვლელობის შესახებ საუბრით დაიწყო. აღნიშნა, რომ მცირე მიღწევების მიუხედავად, მრავალფეროვანი გარემოს აღქმისა და მიღების მხრივ, ხელისუფლებაში, პოლიტიკურ სპექტრში, მედიაში, საზოგადოებაში არსებობს შეუწყნარებლობის სერიოზული პრობლემა, ხოლო შეუწყნარებლობა შეიძლება უმძიმეს დანაშაულად - ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლის მოსპობად იქცეს. საკითხის დარეგულირებისთვის სახალხო დამცველი უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს სამართალდამცველების მხრიდან დროული, ადეკვატური, ეფექტური რეაგირება ნებისმიერ, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულზე. ასევე, გამოეხმაურა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარის მირტაღი ასადოვის დაკავებას და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის თხოვნის საფუძველზე აზერბაიჯაბნის ომბუდსმენის წარმომადგენლემა უკვე მოინახულეს ასადოვი. სახალხო დამცველი ყველა შესაბამის უწყებასთან აწარმოებს კომინიკაციას და მონიტორინგს გაუწევს საქართველოს მოქალაქის უფლებების დაცვას.

„ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით მიმდინარე წელს კვლავ აქტუალური და გადაუჭრელი იყო ის სიღრმისეული პრობლემები რაც ტრადიციულად არსებობს ამ სფეროში. უმთავრესი პრობლემა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელია, რაც ეროვნული უმცირესობებისთვის დისკრიმინაციულ გარემოში ცხოვრების განცდას ბადებს. კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სახელმწიფო ენის ეფექტური სწავლება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში; ასევე რელიგიური საკულტო ნაგებობების მშენებლობისა და საკუთრების საკითხებთან დაკავშირებული ხარვეზები“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი.

2018 წელს ნომინაციაში პიროვნება ტოლერანტობის ქომაგის წოდებით რელიგიათა საბჭომ ჰოლანდიის ელჩი იოს დაუმა და სქემ–მონაზონი სიდონია დააჯილდოვა; ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ კი ტოლერანტობის ქომაგის წოდება ქსენოფობიურ ნიადაგზე მოკლულ ვიტალი საფაროვს მიანიჭა და ჯილდო ვიტალის დედას გადასცეს.

ნომინაციაში საჯარო პირი (საჯარო მოხელე) რელიგიათა საბჭომ გამარჯვებულად დაასახელა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ნათია კაპანაძე, ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ – ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი სოფიო სიჭინავა.

ნომინაციაში ორგანიზაცია რელიგიათა საბჭომ ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადასცა სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს, ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ – ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრს.

ნომინაციაში მედია – რელიგიათა საბჭომ დააჯილდოვა ჟურნალი „ბათუმელები“, ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ მარნეულის სათემო რადიო და პანკისის სათემო რადიო დააჯილდოვა.

ასევე, მიმდინარე წელს ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ ტოლერანტობის ქომაგის სპეცილური ჯილდო გადასცა საქართველოს გერმანელთა ასოციაციის „აინუნგის“ ხელმძღვანელს გარი აუგსტს და ლატვიის სათვისტომოს თავმჯდომარეს რეგინა იაკობიძეს.

ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ასევე რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)