ახალი ამბები

სახალხო დამცველმა პარლამენტში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა

2019 წლის 30 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში შეიტანა.

სახალხო დამცველმა წლიური ანგარიში საზოგადებას 2 აპრილს წარუდგინა.

32 თავისგან შემდგარი, 448 გვერდიანი ანგარიში ძირითადად 2018 წელს მოიცავს, თუმცა მასში ასევე გაანალიზებულია ის პრობლემები, რომლებიც მანამდე არსებულ პერიოდში წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა.

ანგარიშში სიცოცხლის უფლების ჭრილში განხილულია თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის პროპორციულობის გამოძიება, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ეფექტიანობა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მასალებში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები. ასევე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოკლული პატიმრის ლევან კორტავას საქმეზე პასუხისგებაში მიცემულ პენიტენციური სამსახურის მოხელეებს სასჯელის არაპროპორციულად მსუბუქი ზომა შეეფარდათ.

არასათანადო მოპყრობასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დასრულებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლამ არასწორი კვალიფიკაციის, დაზარალებულის ჩართულობის, დროული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების კუთხით არსებული პრობლემები გამოვლინა. არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა 7 წინადადება გააგზავნა, მაგრამ სავარაუდო დამნაშავეთა დადგენა კვლავ ვერ ხერხდება.

სიცოცხლის უფლებასთან და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მოითხოვს კანონმდებლობის ცვლილებას და მანდატის გაფართოებას, რათა ჰქონდეს წვდომა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მასალებზე, სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიების მიმდინარეობის ეფექტიანობის შესაფასებლად და დასადგენად.

საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმის განსაკუთრებული ყურადღების საგანია პენიტენციური დაწესებულებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები და ფსიქიატრიული დაწესებულებები. ანგარიშში სამივე მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესია წარმოდგენილი.

მიმოხილულია დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივად მოთავსების პრაქტიკა, სამედიცინო ექსპერტიზის სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად ჩაუტარებლობა, უსაფრთხოების ზომების შესაბამისი დასაბუთების გარეშე ჩატარება, რეაბილიტაციის ღონისძიებების სიმცირე, ფსიქოლოგიური დახმარების და სოციალური მუშაობის სირთულეები, სხვადასხვა დაწესებულებების ფიზიკური გარემოს პრობლემები, პენიტენციური ჯანდაცვის ხარვეზები, პერსონალის უფლებრივი მდგომარეობა. მისასალმებელია დიდი პენიტენციური დაწესებულებების მცირე დაწესებულებებად დაყოფის გეგმა და ამ კუთხით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან საკმაოდ აქტიურად ითანამშრომლა 2018 წელს. სპეციალური მეთოდოლოგიის საფუძველზე, პრევენციულმა ჯგუფმა შეაფასა სტატისტიკური მონაცემები და გაანალიზა მრავალი წერილობითი დოკუმენტი. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველისადმი პოლიციის მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ მომართვიანობა შემცირებულია, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ დაზიანებათა მაჩვენებელი, რომელიც დაკავებულმა პირებმა მიიღეს დაკავების შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ აჭარაში, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 9-ჯერ არის გაზრდილი. პრევენციული ჯგუფი აუცილებლად მიიჩნევს არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის საჭირო გარანტიების (ოჯახის წევრებისთვის, ადვოკატისთვის, საკონსულოსთვის შეტყობინება, უფლებების განმარტება და სხვა) ჯეროვან და განუხრელ დაცვას. არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის აუცილებლად არის მიჩნეული ყველა იმ სამუშაო ოთახის კამერებით აღჭურვა, სადაც დაკავებულებს უწევთ ყოფნა. ასევე საპროცესო გარანტიების უკეთ უზრუნველსაყოფად სახალხო დამცველს სამინისტროს მიმართ გაცემული აქვს რამდენიმე დამატებითი ღონისძიების საპილოტე რეჟიმში დანერგვის რეკომენდაცია (დაკავებული პირის პირდაპირ დმი-ში მიყვანა და დაკითხვის პროცესის ვიდეოგადაღება).

დადებითად უნდა აღინიშნოს სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოები, მაგრამ ამის მიუხედავად, ფსიქიატრიული ჯანდაცვის დარგი მნიშვნელოვან ძირეულ რეფორმებს საჭიროებს.

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების თავში საუბარია უკანონო დაკავებების შემთხვევებზე, 12 მაისის სპეციალური ოპერაციის დროს სამხრე კამერების გამოყენების ხარვეზებზე. განხილულია შემთხვევები, როდესაც პირებს არ აძლევდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვების შესაძლებლობას სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის მიუხედავად; ასევე საუბარია ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტის გამოძიებაზე და ამ კუთხით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ დადგენილ მოთხოვნებზე.

სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით მიმოხილულია სისტემაში არსებული ინსტიტუციური პრობლემები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს. ასევე, საუბარია საქმეთა გონივრულ ვადაში განხილვის პრინციპის დარღვევის ფაქტებზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის ხელყოფის შემთხვევებზე, სამართალწარმოების პროცესში წარმოჩენილ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზებზე.

თანასწორობის უფლების დაცვის კუთხით სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ხშირ შემთხვევაში, დისკრიმინაციას იწვევს დაუცველი ჯგუფების შესახებ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და არასწორი აღქმები, თუმცა მათ დასაძლევად, სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ღონისძიებები ნაკლებად ტარდება.

გენდერული თანასწორობა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და შრომითი უფლებების თვალსაზრისით, მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა. რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების ეფექტიანი განხორციელების კუთხით არსებული გამოწვევები ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის მაჩვენებელზე ასევე უარყოფითად აისახება.

2018 წელს ქალთა მკვლელობის 22 ფაქტი გამოვლინდა, მათგან ოჯახური დანაშაულის ნიშნით 7 შემთხვევა. ქალთა მკვლელობის მცდელობის 18 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 11 ოჯახური დანაშაულის პირობებში იქნა ჩადენილი, მათგან 10 ფაქტი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის მცდელობას ეხება.

ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ჰომოფობია და ანტიგენდერული ჯგუფების გავლენა, რის გამოც ეს ადამიანები კვლავ განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას და ძალადობას.

2018 წელს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზების კუთხით, გამოწვევად რჩებოდა ჯანსაღი მედიაგარემოს არსებობა. შემაშფოთებელია, რომ სახელმწიფოს დღემდე არ გამოუძიებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე.

შეკრების თავისუფლების რეალიზაციის კუთხით, მთავარ პრობლემას სამართალდამცავთა მხრიდან შეკრების მიმდინარეობისას დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობის უკანონოდ შეზღუდვის პრაქტიკა და კონტრდემონსტრაციების არაეფექტიანი მართვა წარმოადგენს.

სახალხო დამცველის წლევანდელ ანგარიშში ცალკე საკითხად არის გამოყოფილი საქართველოში გაერთიანების უფლების რეალიზაციის პრობლემები, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენელთა მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობით არის გამოწვეული.

ეკოლოგიასთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტუალურია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემები; სამართლებრივი ნორმების დარღვევის შედეგად წლების განმავლობაში გარემოსათვის მიყენებული ზიანი და არაეფექტიანი საკანონმდებლო რეგულაციები; უცვლელია მშენებლობასთან დაკავშირებული ხარვეზიანი რეგულაციები, რაც პრაქტიკაში საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა უფლებას, იცხოვრონ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში. ანგარიშში სახალხო დამცველი პირველად შეეხო ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების საკითხებს და ამ მიმართულებით შესაბამის რეგულაციებისა და ზედამხედველობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულმა არაეფექტიანმა საკანონმდებლო რეგულირებამ 2018 წელს წარმოებაში უბედური შემთხვევების შედეგად 59 ადამიანის დაღუპვა და 199–ის დაშავება გამოიწვია, რაც წინა წლის მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება.

ანგარიშში კიდევ ერთი სიახლეა – შრომითი უფლებები სპეციფიკური რეჟიმის დაწესებულებებში. კერძოდ, საუბარია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სსიპ „112“-ის თანამშრომელთა დღიური სამუშაო საათებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს რაოდენობრივი საზღვრების არარსებობაზე.

თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, წელს პირველად შემოწმდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის სამსახურის საქმიანობის პირობები და გამოვლინდა არასათანადო სამუშაო გარემო.

ასევე ყურადღება ეთმობა თვითნებური დასჯის პრაქტიკასა და სამხედრო ნაწილებში გარდაცვალების შემთხვევების გამოძიებებს. სახალხო დამცველი საუბრობს ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და ამ მიმართებით წარმოდგენილია რეკომენდაცია, შესაბამისი საგადასახადო შეღავათების გაზრდის აუცილებლობის თაობაზე.

ანგარიშში ასევე საუბარია პაციენტთა უფლებების არაეფექტიან დაცვასა და ხარისხიანი სერვისების ხელმიუწვდომლობაზე. ყურადღება გამახვილებულია ონკოლოგიურ დაავადებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამის არარსებობაზე.

სოციალური დაცვის პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს მიზნობრივი შემწეობის დანიშვნის მეთოდოლოგიური ხარვეზები. ასევე არათანმიმდევრულია ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობა უსახლკარო პირების თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

პრობლემად რჩება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

შეფასებულია საარჩევნო უფლების რეალიზაცია, საპრეზიდენტო არჩევნების მწვავე ნეგატიური კამპანია, წინასაარჩევნო პერიოდის თანმდევი სხვადასხვა ძალადობრივი ინციდენტები, სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები.

2008 წლის ომიდან 10 წლის შემდეგაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ყველაზე მძიმე იყო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის. ასევე მძიმეა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის, უსაფრთხოების, განათლების და ბავშვთა უფლებების დარღვევის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის კუთხით არსებული ვითარება.

დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ აღმოჩნდა და დევნილთა დიდ ნაწილს კვლავ სიცოცხლისათვის საშიშ ნგრევად შენობებში უწევს ცხოვრება.

ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის დასაცავად არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებამ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა. სახელმწიფო არ გამოყოფს საკმარის რესურსს სფეროში განხორციელებული სისტემური ცვლილებების შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად. არ აქვს შესაბამისი ხედვა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების გასაძლიერებლად.

სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, ჯერაც არ შექმნილა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის კონცეფცია და შესაბამისი სერვისი. მაღალია სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვები წარმოადგენენ. პრობლემად რჩება, რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონატებში მყოფ ბავშვებზე სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მიმართულებით განსაკუთრებულ პრობლემად იკვეთება გარემოს, ინფორმაციისა და სერვისების მიუწვდომლობა, ინკლუზიური განათლების ხარისხი, დასაქმების დაბალი მაჩვენებელი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა, აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამების სიმცირე და არაეფექტიანობა.

ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით სისტემურ პრობლემებს შორის იკვეთება ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია, ძალადობა, მათ შორის, ოჯახში ძალადობა, სიღარიბისა და უსახლკარობის საფრთხე, ხანდაზმულებზე ზრუნვის ყოვლისმომცველი გრძელვადიანი სტრატეგიის არარსებობა, სოციალური მომსახურების არაეფექტიანობა, არასაკმარისი მიზნობრივი პროგრამები, ადგილობრივ დონეზე ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით გატარებული ღონისძიებების ნაკლებობა და სხვ.

ეროვნული უმცირესობების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით კვლავ აქტუალურია ეროვნული უმცირესობების განათლების, სახელმწიფო ენის სწავლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი.

სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყანაში, ეთნიკურ და რასობრივ ნიადაგზე მიუღებლობა კვლავ მწვავე პრობლემაა. ამ მხრივ, განსაკუთრებულად შემაშფოთებელი იყო ვიტალი საფაროვის მკვლელობა ქსენოფობიურ ნიადაგზე.

რელიგიის თავისუფლების კუთხით წლებია არ გადაჭრილა ისტორიული საკუთრების დაბრუნების, განათლების სფეროში არსებული დარღვევებისა და უთანასწორო გარემოს, რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე ეფექტიანი და დროული რეაგირების პრობლემა.

ასევე შესწავლილი და გაანალიზებულია დევნილთა უფლებრივ მდგომარეობა, უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა.

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში პირველად არის წარმოდგენილი თავი ადამიანის უფლებების სწავლების შესახებ. ამ მიმართებით გაანალიზებულია სახელმწიფო პოლიტიკა და შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტები, წარმოდგენილია მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი სკოლამდელი და ზოგადი განათლების ჭრილში.

დასასრულს, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულება პრიორიტეტული იქნება ყველა შესაბამისი უწყებისთვის, რაც, თავის მხრივ, გააუმჯობესებს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა 8 480 განცხადება, მათგან 6 640 დასაშვებად იქნა ცნობილი და განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. აპარატის ცხელ ხაზზე შემოვიდა 6 063 ზარი. ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად, 107 რეკომენდაცია და წინადადება გაიცა. წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა 11-ჯერ წარადგინა სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნილია 2 კონსტიტუციური სარჩელი. 2018 წლის განმავლობაში მომზადდა 11 სპეციალური ანგარიში.

იხილეთ ანგარიშის სრული ელექტრონული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება