ახალი ამბები

სახალხო დამცველმა ხელისუფლებას ლგბტ+ თემის წარმომადგენლების გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა

2019 წლის 4 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა ზოგადი წინადადებით, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე მოხდეს ბოლო წლებში ლგბტ+ თემის წარმომადგენლების გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების შეზღუდვის ინდივიდუალური ფაქტების გააზრება და ამ მიმართულებით, ერთიანი პრევენციული და რეაქტიული ღონისძიებების დაგეგმვა.

სახალხო დამცველმა ზოგად წინადადებაში მიმოიხილა ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების რეალიზების მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იმ ფაქტების ფონზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის ივლისის ჩათვლით. კერძოდ, ყურადღება გაამახვილა 2018 წლის 9 სექტემბერს საფეხბურთო მოედანზე ლგბტ+ სიმბოლიკის შეტანის აკრძალვის საკითხზე, ასევე, 2019 წლის 18-23 ივნისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენებსა და ლგბტ+ ადამიანების წინააღმდეგ ჰომოფობიურად განწყობილი ულტრა მემარჯვენე ჯგუფების გაძლიერების ტენდენციაზე. სახალხო დამცველის შეფასებით, თვალსაჩინოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვის კუთხით, ბუნდოვანია და არ ადასტურებს უფლებათა დაცვის სისტემური ხედვის არსებობას და ფაქტების პოტენციური შედეგების ანალიზს.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხეს, რომელიც მიმართული იყო ლგბტ+ ადამიანების და მათი მხარდამჭერების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისაკენ, იმავე სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს, რომელშიც საკუთარი უფლებების დაცვისა და თანასწორობის იდეის მხარდამჭერი ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას განიხილავს.

ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველმა ყურადღება ასევე გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაზე, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება; უზრუნველყოს, რომ მედიის წარმომადგენლებმა პროფესიული მოვალეობა დაუბრკოლებლად შეასრულონ; და ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე დროული და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მოუწოდა თანამდებობის პირებს, გაატარონ ქმედითი პრევენციული და პროაქტიული ზომები ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიზნით და ეფექტიანად მოხდეს 2018 წლის 14 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან მომხდარი ინციდენტებისა და ლევან ვასაძის განცხადებების კანონთან შესაბამისობის გამოძიება და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

იხილეთ ზოგადი წინადადების ელექტრონული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება