ახალი ამბები

სახალხო დამცველმა ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა

2020 წლის 25 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინეს.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციები შემდეგ საკითხებს მოიცავს:

  • სამოქალაქო ინტეგრაციის მნიშვნელობისა და აუცილებლობის

შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება

  • ეროვნული უმცირესობების სრულფასოვანი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში
  • განათლება - სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა
  • კულტურული თვითმყოფადობის დაცვა და განვითარება
  • მედიისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ანტიდასავლური პროპაგანდის აღმოფხვრის ხელშეწყობა
  • გენდერული თანასწორობა და სხვა საკითხები

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც რეგულარულად აისახება საპარლამენტო ანგარიშებში.

„სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მიერ დღეს წარმოდგენილი რეკომენდაციების ნაწილი სამწუხაროდ, უკვე წლებია გადაუჭრელია. არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტასაც დიდი დრო სჭირდება, მაგრამ სავსებით შესაძლებელი იყო მოკლე დროში მომხდარიყო ვთქვათ, ეროვნული უმცირესობების აქტიური და რეალური მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე მომზადებულიყო და დანერგილიყო სასკოლო სახელმძღვანელოები და სხვა მრავალი პრობლემა შეიძლება გადაჭრილიყო.

ხაზი უნდა გავუსვა საზოგადოებაში არსებულ დისკრიმინაციულ გარემოს, რაც აფერხებს ინტეგრაციის პროცესს. აგრესია განსაკუთრებით გაიზარდა პანდემიის პირობებში და სოციალურ ქსელებში კიდევ უფრო გახშირდა ეროვნულ უმცირესობათა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ტირაჟირება.

რა თქმა უნდა, წარმატებაც გვაქვს მაგალითად, სახელმწიფო ენის სწავლების თვალსაზრისით, ასევე, ე.წ. 1+4 სისტემა. მაგრამ, ეს პროგრესი ხშირად ან დაგვიანებულია, ან ძალიან მცირეა. ეს ეხება მედიის ხელმისაწვდომობასაც.

მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა თავის პროგრამებში უფრო ფართოდ წარმოადგინონ ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხები და ე.წ. გამსვლელ სიებშიც ეროვნული უმცირესობების მეტი წარმომადგენელი შეიყვანონ“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ღონისძიებაზე ასევე, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილე ლორა ბერგერი.

ეროვნულ უმცირესობების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორმა კობა ჩოფლიანმა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანმა იზაბელა ოსიპოვამ.

ქვეყანაში ეროვნული უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა, არსებული გამოწვევები და მათ დასაძლევად შემუშავებული რეკომენდაციები ეროვნული უმცირესობათა საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს: განათლების საკითხებზე მარი არაქელოვამ და ნაირა ბეპიევმა ისაუბრეს; კულტურის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები ევგენია კოტანიდიმ მიმოიხილა; სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის მიმართულება განიხილა აგიტ მირზოევმა; მედიისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პრობლემებზე ისაუბრა ზაურ ხალილოვმა; ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა ლილი საფაროვამ წარმოადგინა; ახალი თაობის გამოწვევები დამსწრეთ, გიორგი თუმასიანმა გააცნო.

ღონისძიების ორგანიზატორია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი. მხარდამჭერია აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PITA).

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)