ახალი ამბები

სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეხვედრები სექსუალური შევიწროების საკითხებზე

2019 წლის 25 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან სექსუალური შევიწროების საკითხებზე შეხვედრები გამართეს.

შეხვედრები უწყებების ინიციატივით და თანამშრომლობით ჩატარდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებთან და სამოქალაქო პერსონალთან, ადვოკატთა ასოციაციის წევრ ადვოკატებთან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებთან და სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან. ასევე, პროფესიული კავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებთან და შრომის ინსპექტორებთან.

შეხვედრების თემატიკა მოიცავდა სექსუალური შევიწროების შესახებ საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის, სამართლებრივი დაცვის სხვადასხვა მექანიზმებს, სექსუალური შევიწროების ფაქტების შესწავლასთან დაკავშირებულ საკითხებს, მტკიცებულებათა სტანდარტს და სახალხო დამცველის მანდატსა და როლს სექსუალური შევიწროების აღმოფხვრისა და პრევენციის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა დაწესებულებსა და ორგანიზაციებში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა პოლიტიკის დოკუმენტებისა/შიდა მექანიზმების არსებობის მნიშვნელობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს სექსუალური შევიწროების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ამავე პერიოდში მონაწილეობა მიიღეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ორგანიზებით სიღნაღსა და გორში გამართულ შეხვედრებში, რომლებსაც თვითმმართველობის, ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება