ახალი ამბები

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის ყოველწლიური კონფერენციასა და გენერალური ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

2023 წლის 19-21 სექტემბერს ბრიუსელში (ბელგიაში) ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის (ENOC) 27-ე ყოველწლიური კონფერენცია და გენერალური ასამბლეა გაიმართა.

კონფერენცია მიეძღვნა ბავშვის უფლებათა დამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტების როლს ბავშვთა უფლებების განუხრელ რეალიზებასა და დაცვაში.

გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი უკვე მესამედ აირჩიეს ბიუროს წევრად. ბიუროში სახალხო დამცველს ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან სოხაძე წარადგენს, რომელიც ამავდროულად არის ქსელის ბავშვთა დაცვის ოფიცერი - ბავშვთა და ახალგაზრდების მონაწილეობითი პროექტის ფარგლებში ბავშვთა დაცვის გამოწვევებზე საკონტაქტო პირი.

ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელი აერთიანებს ბავშვის უფლებათა დამოუკიდებელ 44 ინსტიტუტს მთელი ევროპიდან და მიზნად ისახავს ბავშვის უფლებების დაცვასა და რეალიზებას, გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციასთან და მის დამატებით ოქმებთან შესაბამისობაში, ადვოკატირების, შესაძლებლობების განვითარების, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთდახმარების ხელშეწყობის გზით.

ქსელის წევრობასა და ბიუროს მუშაობაში ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)