სახალხო დამცველის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის თაობაზე - 2019
ანგარიშის პირველი თავი ეთმობა სიცოცხლის უფლებას, სადაც შეფასებულია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ბენეფიციართა სომატური (ფიზიკური) მკურნალობის კუთხით არსებული ვითარება, რაც პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და ზოგიერთ შემთხვევაში მათი გარდაცვალების მიზეზი ხდება. სიცოცხლის უფლების ნაწილში ასევე, განხილულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტები და აღნიშნულია, რომ შეწყალებულ პირთა სასჯელის არსებითი ნაწილის მოუხდელად გათავისუფლებით დაირღვა სიცოცხლის უფლება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ აუცილებელია თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიების განახლება, ვინაიდან არ ჩატარებულა ცალკეული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები. ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურამ არ გაიზიარა სახალხო დამცველის წინადადება სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ და მხოლოდ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა. ია კერზაიას საქმესთან მიმართებით, სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიება დაგვიანებით დაიწყო, რის გამოც, საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა.
არასათანადო მოპყრობასთან ეფექტიანი ბრძოლა კვლავ ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. 2019 წელს სახალხო დამცველის აპარატში 128 განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მოქალაქეები სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებდნენ. განცხადებების უმეტესობა ეხებოდა პენიტენციური დაწესებულებების (54 შემთხვევაში) და პოლიციის თანამშრომელთა (50 შემთხვევაში) მიერ სავარაუდოდ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.
ანგარიშში საუბარია პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისკენ მიმართული აქტივობებისა და გარე სამყაროსთან კონტაქტის სიმწირეზე; სამედიცინო მომსახურების, პრევენციული ჯანდაცვისა და ფსიქიკური ჯანდაცვის ხარვეზებზე. 2019 წელს არასათანადო მოპყრობასთან ეფექტიანი ბრძოლის თვალსაზრისით სახალხო დამცველის ერთ-ერთ მთავარ ფოკუსს წარმოადგენდა პენიტენციურ დაწესებულებებში არაფორმალური მმართველობის საკითხი და მისი გავლენა პატიმართა უფლებრივ მდგომარეობაზე.
არ შესრულებულა შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი გაცემული სისტემური რეკომენდაციები სამხრე კამერების სავალდებულო წესით გამოყენებისა და პირთა გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით წარმართვის თაობაზე და სხვა.
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ საგანგაშო მდგომარეობასთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედ 10 დიდი ზომის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული პირობები და თერაპიული გარემო ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა ღირსეულ ცხოვრებასა და უფლებების დაცვას; ასევე, გადახედვას, განახლებასა და შეცვლას საჭიროებს ანტიფსიქოზური და მედიკამენტებით მკურნალობის არსებული სისტემა.
არასათანადო მოპყრობის პროცედურული ვალდებულის ჭრილშია განხილული 2019 წლის 20-21 ივნისის დროს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება. სახალხო დამცველმა გასული წლის მანძილზე 6 წინადადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოს. მთავარი ტენდენციის სახით იკვეთება, რომ გამოძიება ორიენტირებულია მხოლოდ ინდივიდუალურ სამართალდამცავთა დანაშაულებრივი მოქმედებების აღმოჩენასა და მათი ცალკეული როლის შეფასებაზე და არ არის მიმართული ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენაზე. გარდა ამისა, არ ჩატარებულა რიგი საგამოძიებო ღონისძიებები, რომლებიც, სახალხო დამცველის შეფასებით, აუცილებელია გამოძიების ეფექტიანად წარმართვისთვის (მაგალითად, სხვადასხვა რაციის ჩანაწერების ამოღება, გარკვეული ჩანაწერების ექსპერტიზა და სხვა). ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ვაქვეყნებთ სპეციალურ ანგარიშს, სადაც დეტალურად არის განხილული ყველა დეტალი და ხარვეზი.
შეკრების თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს განსხვავებული შეხედულებების ჯგუფებს შორის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ზომების მიუღებლობა.
შეკრების თავისუფლებით სარგებლობის კუთხით არსებული პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების ფონზე გამოვლინდა. ძალის გამოყენებამდე ადგილზე არ შესრულებულა კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ვალდებულება, როგორიცაა შეკრების მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით წინასწარი გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე, მათთვის პოლიციას არც გონივრული დრო მიუცია კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. აქციის ძალისმიერი მეთოდით დაშლის დროს ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევებს.
ყურადღებას იმსახურებს მოვლენების გაშუქების მიზნით საპროტესტო აქციებზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაკავებისა და დაშავების ფაქტები. წლის განმავლობაში შეკრების უფლებასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით სახალხო დამცველმა მოამზადა სპეციალური ანგარიში, რომელიც 2020 წელს იქნება გამოქვეყნებული.
დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც რადიკალური ჯგუფები ხელს უშლიდნენ ლგბტ+ თემის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, ესარგებლათ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით. ამ შემთხვევებში თვალსაჩინო იყო სახელმწიფოს განსხვავებული რეაგირება მოძალადე ჯგუფების მიმართ, რომლებიც შეკრების უფლების საფარქვეშ ცდილობდნენ სხვათა უფლებების უხეშ და ძალადობრივად დარღვევას. სახალხო დამცველის შეფასებით, ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან კონტრ-აქციების მსგავსი მიზნით გამართვა უფლების ბოროტ გამოყენებას წარმოადგენს, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები არ არის დაცული შეკრების თავისუფლებით.
თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების თვალსაზრისით, ანგარიშში ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმების პრობლემასა და დაკავების ვადებზეა საუბარი. შეფასებულია 2019 წელს საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებისას პოლიციის თანამშრომელთა ქმედებები.
გამოხატვის თავისუფლების რეალიზების კუთხით, სახალხო დამცველმა ანგარიშში მწვავე საკითხად გამოყო აჭარის ტელევიზიის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობა. საანგარიშო წელი გამოირჩეოდა ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიების მესაკუთრეებთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი საქმეების წარმოების სიმრავლით, რაც კითხვებს აჩენს ქვეყანაში კრიტიკული მედიის დევნის მცდელობასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს დღემდე არ გამოუძიებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე.
2019 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე თუ დამოუკიდებლად მოქმედი ადამიანის უფლებათა დამცველების დისკრედიტაციის, ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმის, დაშინებისა და სხვა გამოწვევების წინაშე დადგნენ. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ მოექცნენ ქალთა და ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებადამცველები.
სამართლიანი სასამართლოს უფლების კუთხით შეჯამებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებული საკითხები.
სამწუხაროდ, ჩვენი შეფასებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ხარვეზიანი და გაუმჭვირვალე პროცედურების საფუძველზე შეირჩნენ. საკანონმდებლო რეგულაციებმა ვერ უზრუნველყო მოსამართლეთა არჩევა სათანადოდ სამართლიანი კონკურსის პირობებში. მოსამართლეობის კანდიდატებს შორის აღმოჩნდნენ პირები, რომელთა მიერ კანონით განსაზღვრული მინიმალური აკადემიური ხარისხის ფლობამ კითხვები წარმოშვა.
საქართველოს სახალხო დამცველმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მომწესრიგებელი კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის კუთხით შესამჩნევი პოზიტიური ცვლილების მიუხედავად, შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყების ხელთ არსებული რესურსები არ არის საკმარისი მათთვის დაკისრებული მნიშვნელოვანი ფუნქციების შესასრულებლად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს სამუშაო ადგილებზე 49 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 142 ადამიანი.
ჯანმრთელობის უფლებასთან მიმართებით კვლავ გამოწვევას წარმოადგენდა საყოველთაო, პირველადი და კიბოს წინააღმდეგ მიმართული ჯანდაცვის პროგრამების ეფექტური განხორციელება და ერთიანი სახელწმიფო პროგრამის საჭიროება.
სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წელს საქართველოს 17 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 70-ზე მეტი სოფლის ამბულატორია შეამოწმა და ინფრასტრუქტურული და კვალიფიციური კადრების ნაკლებობის მწვავე პრობლემები გამოავლინა. ასევე ხაზგასასმელია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემურობა საკითხიც.
სოციალური უზრუნველყოფის უფლების დაცვის თვალსაზრისით გამოწვევად რჩება საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადების ადმინისტრირებისა და სათანადო კვების უფლების/უფასო სასადილოებზე ხელმისაწვდომობა.
სათანადო საცხოვრებლის უფლება - წინა წლების მსგავსად, კვლავ არ არსებობს უსახლკარო პირთა სამთავრობო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა. პრობლემად რჩება უსახლკარო პირთა ერთიანი და რიგ მუნიციპალიტეტებში - ადგილობრივი მონაცემთა ბაზების უქონლობა, შეზღუდული საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურული რესურსები, თავშესაფრებსა და სოციალურ საცხოვრისებში მოთავსებული პირებისთვის მხარდამჭერი პროგრამების არარსებობა, ხოლო ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მათი არაეფექტიანობა.
ეკოლოგიასთან დაკავშირებით არაეფექტურია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით და სუფთა ჰაერზე უფლების რეალიზაციისთვის გატარებული ღონისძიებები; ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების გატარება და მათი ეფექტური აღსრულება; დასახვეწია მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციები; ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას არ ხდება ადამიანის უფლებების გათვალისწინება. არ არსებობს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით პოლიტიკის დოკუმენტები; ხარვეზიანია გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი.
საარჩევნო უფლების დაცვის ჭრილში 2019 წელს სახალხო დამცველის აპარატმა ზედამხედველობა გაუწია მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებს და მასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველის შეფასებით სხვადასხვა ძალადობრივი ინციდენტები, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დაპირისპირება, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლი, ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო შემთხვევები ნეგატიურად აისახა არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების საჯარო ინტერესზე. ანგარიშში, ასევე, საუბარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ძალადობრივი ინციდენტების გამოძიების მიმდინარეობის მდგომარეობაზე.
თანასწორობის უფლებაზე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხშირ შემთხვევაში, დისკრიმინაციას საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და არასწორი აღქმები იწვევს, თუმცა მათ დასაძლევად, სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ღონისძიებები ნაკლებად ტარდება. ყველაზე დაუცველ ჯგუფებად კვლავ ქალები, შშმ პირები და ლგბტ+ თემის წარმომადგენლები რჩებიან. ასევე კრიტიკულია რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების თანასწორუფლებიანობა.
დადებითად უნდა აღინიშნოს 2019 წლის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად, სახალხო დამცველის მანდატი შესაბამისი აღსრულების სავალდებულო მექანიზმებით საჯარო სამართლის სუბიექტების მსგავსად კერძო პირებზეც გავრცელდა. ასეთი ცვლილება სახალხო დამცველს უფრო ეფექტიანი მუშაობის საშუალებას მაძლევს. ასევე მისასალმებელია, რომ სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა, რის შედეგადაც კანონმდებლობაში ახალი სამართლებრივი დაცვის მექანიზმი გაჩნდა; ასევე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით შევიწროება და სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ფორმებად განისაზღვრა.
გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით საგანგაშოა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობები (ფემიციდი). საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2019 წელს ქალის მკვლელობის 19 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც, ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი იყო 10, ხოლო ქალთა მკვლელობის მცდელობის 22 ფაქტიდან 18 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იქნა განხორციელებული. პრობლემად რჩება ოჯახში ძალადობის პირობებში ჩადენილი მკვლელობის/მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების პრევენცია. კვლავ დაბალია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაჩვენებელი. რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების ეფექტიანი განხორციელების კუთხით არსებული გამოწვევები, ასევე უარყოფითად აისახება ქალთა უფლებრივი მდგომარეობასა და გენდერული თანასწორობის მაჩვენებელზე.
კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის პრაქტიკა. წინა წლების მსგავსად, პრობლემურია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სოციალურ სამსახურს შორის კოორდინირებული მუშაობა და რეფერირების მექანიზმის გამართული მუშაობა, ადრეული ქორწინებისა და ნიშნობის შემთხვევების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ მასშტაბურ კამპანიას ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის საკითხზე.
არ გაუმჯობესებულა ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. კვლავ მაღალია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ძალადობის ფაქტები. მაშინ, როდესაც უფლებების შეზღუდვის ფაქტები კერძო პირებიდან მომდინარეობს, უმეტეს შემთხვევაში, სახელმწიფოს პასუხი არ არის ქმედითი და ეფექტური.
ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის დაცვის კუთხით, მისასალმებელია 2019 წელს პარლამენტის მიერ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიღება. ამის მიუხედავად, ბავშვის უფლებების სრული და ეფექტიანი განხორციელების თვალსაზრისით, ქვეყანაში კვლავ არაერთი გადაუჭრელი პრობლემაა.
გასულ წლებთან შედარებით, საქართველოში გაზრდილია არასრულწლოვანთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის შემთხვევები; კრიტიკულია მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ ბენეფიციართა სექსუალური ძალადობისგან დაცვის საკითხი. მაღალია სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვები. პრობლემად რჩება რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში მყოფ ბავშვებზე სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა. ბავშვთა სიღარიბის კვლავაც მაღალი სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა არ არის ორიენტირებული სიღარიბის აღმოფხვრაზე; ვერც მუნიციპალური პროგრამები უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების სრულ დაკმაყოფილებას. 2019 წელს საარსებო დახმარების მიმღებ 70 792 ოჯახში 150 065 არასრულწლოვანი აღირიცხა.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის განსახორციელებლად. არც ამ პროცესის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება განსაზღვრულა და არც კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება მომხდარა.
სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ზრდასრულ შშმ პირთა წვდომას რეაბილიტაციაზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გატარებული ღონისძიებები ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების უფლებების დასაცავად საკმარისი არ არის. ასევე მცირეა სათემო სერვისები.
კვლავ არ ხდება ხანდაზმულ პირთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და არ არსებობს შესაბამისი სტატისტიკა. პრობლემურია ხანდაზმულთა სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა ადგილობრივ თვითმმართველობებში. სახალხო დამცველის შეფასებით საბანკო დაწესებულებების მიერ ხანდაზმულ პირთა თვიური პენსიის 50%-ზე მეტის დაკავების შემთხვევები კიდევ უფრო მეტად ამძიმებს პენსიონერთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. დადგინდა, რომ ამ მხრივ პენსიის დაკავების რაიმე რეგულაცია/შეზღუდვა არ მოქმედებს.
ეროვნული უმცირესობების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით გამოვლინდა გამოწვევები განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობის, კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვისა ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მხრივ. განსაკუთრებული სიმწვავით ხასიათდება სახელმწიფო ენის სწავლების საკითხი; მიუხედავად იმისა, რომ წლებია მოქმედებს ენის შემსწავლელი პროგრამა, შედეგობრივი თვალსაზრისით, მოსახლეობის საერთო რაოდენობის ფონზე კვლავ მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ფლობენ და იყენებენ სახელმწიფო ენას.
არსებითად არ გაუმჯობესებულა რელიგიის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებული მდგომარეობაც. კვლავ გადაუჭრელია რელიგიური ორგანიზაციების საგადასახადო და ქონებრივი საკითხები. პროგრესი გვაქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებში რელიგიური მოტივით ჩადენილ სავარაუდო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან მიმართებით. უკვე 30 წელია, ქართული რელიგიურ-ეთნიკური მრავალფეროვნების ძეგლები, რესტიტუციის საკითხის გადაუჭრელობის გამო, ნადგურდება.
თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვა - საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის მიერ არაერთი წლის განმავლობაში გაცემული რეკომენდაცია და გათანაბრდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიით მოსარგებლეთა მდგომარეობა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობის შესაძლებლობა ვეტერანის სტატუსის მქონე ყველა პირს მიეცა.
გასატარებელ ღონისძიებებად რჩება შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის სამსახურის თანამშრომელთათვის ადეკვატური ზომის ჯიხურების დადგმა. ასევე თავდაცვის სამინისტროს რიგ სამხედრო ნაწილებში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება. გარდა ამისა, სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაცია ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი საგადასახადო შეღავათების გაზრდის აუცილებლობის თაობაზე.
უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. დღემდე არ დამდგარა წინა წლებში მომხდარ მკვლელობებში უშუალო მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი. 2019 წელს საგანგაშო იყო ე.წ. გამშვები პუნქტების ხანგრძლივი დროით ჩაკეტვა, რამაც ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კრიზისი და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის პრობლემები გამოიწვია. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა იმის გამო, რომ ვერ მიიღეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. ასევე, სხვადასხვა მიზეზით რამდენიმეჯერ შეიზღუდა გადაადგილება ენგურის ხიდზე. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების (მათ შორის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის) ე.წ. საზღვრის კვეთისთვის უკანონო დაკავების/პატიმრობის ფაქტები და „ბორდერიზაციის“ პროცესის განახლება.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ, გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებული თვითნებური შეზღუდვები უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივების მიერ სხვადასხვა უფლებით სარგებლობაზეც, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების უფლებით სარგებლობაზე, უსაფრთხოების, ცხოვრების სათანადო დონის, ოჯახური ცხოვრების უფლებასა და რელიგიის თავისუფლებაზე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევას წარმოადგენს პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში, ასევე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების რეალიზება. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება იზღუდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად არის აკრძალული ქართულ ენაზე სწავლება, ხოლო ქართული ენა, როგორც უცხო ენა, მხოლოდ სკოლების ნაწილში ისწავლება.
დევნილთა უფლებრივ მდგომარეობისთვის ერთ-ერთ მთავად გამოწვევად განსახლების საკითხი რჩება. დევნილთა ნაწილი კვლავ სიცოცხლისთვის საშიშ შენობა-ნაგებობაში განაგრძობს ცხოვრებას. განსახლების პრობლემა უდგათ ასევე ეკომიგრანტებს. სახალხო დამცველის შეფასებით მათი განსახლებისთვის გამოყოფილი თანხების მცირეა; არ ტარდება ეკომიგრაციის გამომწვევი მიზეზების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები.
სახალხო დამცველმა შეისწავლა უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში და მათთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მაჩვენებელი. გამოიკვეთა თავშესაფრის მაძიებელთათვის უსაფრთხოების საფუძვლით ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის დასაბუთებულობის საკითხი და ინტეგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები.
კვლავ არ არსებობს კერძო საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის სათანადო მექანიზმები, პრობლემურია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უკანონო სამუშაოებისას ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის კომპეტენციებისა და ვალდებულებების მკაფიოდ გამიჯვნის საკითხი, არ სრულდება კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის ვალდებულებები და უშედეგოდ მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება.
მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით კვლავ პრობლემას წარმოადგენდა საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში სტატუსის დადგენის მოთხოვნის უფლების აკრძალვა; მოქალაქეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შეზღუდვა; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეზღუდვა; აგრეთვე უსახლკარო მოქალაქეობის არმქონე პირების იმ მუნიციპალური პროგრამებიდან გამორიცხვა, რომლებიც მიზნად ისახავენ უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფას.
სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში ასევე მიმოხილულია ქვეყანაში ადამიანის უფლებების სწავლების საკითხი, გაანალიზებულია სახელმწიფო პოლიტიკა და სტრატეგიული დოკუმენტები.
ანგარიშში იხილავთ საქმიანობის ამოკლე აღწერას, სადაც აღნიშნულია, რომ 2019 წლის განმავლობაში საქართველოსსახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ შემოვიდა 6737 განცხადება. ცხელმა ხაზმა მიიღო 9438 შეტყობინება. აპარატის თბილისის ოფისმა 2399 ვიზიტორს გაუწია იურიდიული კონსულტაცია. რეგიონულმა ოფისებმა კი 4448 დაინტერესებულ პირს გაუწია სატელეფონო და პირადი კონსულტაცია. ჩატარდა 990 შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ მოსახლეობა და სხვადასხვა ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად, მომზადდა და გაიგზავნა 75 რეკომენდაცია/წინადადება; 5 კონსტიტუციური სარჩელი; ასევე 14 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა ასევე მიმართა ევროპულ სასამართლოს და ერთ-ერთ საქმეში მესამე მხარედ ჩაერთო.
განხორციელდა 405 ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის სამმართველოებში. შევხვდით 1728 დაკავებულ/დაპატიმრებულ პირს. მოვინახულეთ 35 სამხედრო ნაწილი.
მონიტორინგი ჩატარდა 200-მდე ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, საბავშვო ბაღების გაერთიანებებში, მინდობით აღზრდის ოჯახებში, სკოლებში, სოციალური მომსახურების ცენტრებში. შევისწავლეთ თბილისისა და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატებსა და 70-ზე მეტი სოფლის ამბულატორიაში არსებული მდგომარეობა.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ შექმნილი საგანგებო მდგომარეობა მშვიდობიანად დასრულდება, სახელმწიფო ხელისუფლების ინსტიტუტები დაუბრუნდებიან ნორმალურ ფუნქციონირებას და ერთად ვიმუშავებთ ადამიანის უფლებების მდგომარეობის და სტანდარტების გაუმჯობესებაზე.