ახალი ამბები

სახალხო დამცველის მოადგილემ იურიდიული დახმარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2018 წლის 13-15 ნოემბერს საქართველოს პარლამენტი და იურიდიული დახმარების სამსახური მასპინძლობენ საერთაშორისო კონფერენციას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობაზე. ეს ღონისძიება იმართება მესამედ მსოფლიოში და მის ფარგლებში უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვა ხდება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობით. 3 დღის მანძილზე მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო.

მსგავსი მაღალი დონის შეხვედრის საქართველოში ჩატარება საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის საერთაშორისო აღიარების კარგი დასტურია. სამსახურის ინსტიტუციური მოწყობა, განვლილი გზა და წარმატებული საქმეები შექებას იმსახურებს ნამდვილად და სამომავლოდ უფრო მეტი შედეგის მიღწევის იმედს იძლევა. სახალხო დამცველის აპარატი ინსტიტუციურად მჭიდროდ არის დაკავშირებული იურიდიული დახმარების სამსახურთან, ჩვენს მიერ შეირჩევა იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოს 3 წევრი და ნებისმიერი მსგავსი წარმატება მხოლოდ მისასალმებელია ჩვენთვის.

2018 წლის 14 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე კონფერენციის მე-10 პლენარულ სესიას უძღვებოდა, სადაც მომხსენებლებმა წარმოადგინეს თავიანთი გამოცდილება სისხლის სამართლის პროცესში იურიდიული დახმარების ადრეულ ხელმისაწვდომობაზე; განიხილეს სხვადასხვა ქვეყნის მიღწეული პროგრესი და გამოწვევა, რაც სამომავლოდ კარგი საშუალება იქნება საქართველოშიც მსგავსი მექანიზმების განვითარებისთვის.

კონფერენციის შედეგები კარგი საშუალება იქნება საქართველოში მიმდინარე ან დაგეგმილი რეფორმების განხორციელებისთვის. სახალხო დამცველი მადლობას მოახსენებს დონორ ორგანიზაციებს, რომელთა აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა ღონისძიების გამართვა.

#LegalAid2018

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)