სახალხო დამცველის განცხადება რუსეთის ომბუდსმენის მიმართვასთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ მედიაში გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ტატიანა მოსკალკოვას თხოვნას, დაეხმაროს საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვაში.
„უპირველეს ყოვლისა, მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის არ მოუმართავს არცერთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს უფლებრივი დარღვევის შემთხვევების გამო. ერთადერთი ინდივიდუალური შემთხვევა, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილი გახდა, ეხება სავარაუდოდ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტს რუსული მედიასაშუალების რესპონდენტის მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება. მე პირადად ვესაუბრე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და აქტიურად ვაკვირდებით გამოძიების პროცესს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და იკითხება ინციდენტში მონაწილე ყველა პირი.
მიუხედავად რუსული ოკუპაციისა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არ მოხდარა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ ძალადობა მათი ეთნიკური ან ეროვნული ნიშნით. საქართველო ინარჩუნებს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს და არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომელიც ამ მოცემულობას შეცვლის. აქტიური ანტისაოკუპაციო პროტესტის პარალელურად, რუსეთის მოქალაქეები მშვიდობიანად გადაადგილდებიან, თანაბრად სარგებლობენ ყველა სერვისით საქართველოს ტერიტორიაზე და არ ექმნებათ არანაირი დაბრკოლება.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველი დაიცავს ყველა მოქალაქის უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე, განურჩევლად მათი მოქალაქეობისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა და მოახდენს რეაგირებას თითოეულ ინციდენტზე.
აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს სახალხო დამცველსა და რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შორის არსებობს თანამშრომლობა და კომუნიკაცია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების გარშემო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიპლომატური ურთიერთობის არარსებობის პირობებში.
ჩვენი მიზანია, რომ განვითარებული მოვლენები არ აისახოს მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და იმედს ვიტოვებ, რომ რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ქალბატონი ტატიანა მოსკალკოვა, ასევე დაიცავს საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს რუსეთის ტერიტორიაზე და არ დაუშვებს მათ დისკრიმინაციას ეთნიკური თუ მოქალაქეობრივი ნიშნით,“ - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა.