სახალხო დამცველის განცხადება მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა, ამ დღეს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას გაატაროს სათანადო ღონისძიებები შრომითი უფლებების სფეროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა მზარდი სტატისტიკა. 2018 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 59 და დაშავდა 199 ადამიანი. სამწუხაროდ, მსგავს ფაქტებზე დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმოება კვლავ გამოწვევად რჩება; საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში კი საქმეთა უმეტესი ნაწილი საპროცესო შეთანხმებით სრულდება.
გასულ წელს შრომის პირობების ინსპექტირების შედეგად, სისტემური დარღვევები გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. კერძოდ, რიგ ობიექტებზე არ ხდება რისკების შეფასება, არ გამოიყენება ინდივიდუალური თუ კოლექტიური დაცვის საშუალებები, არ არის გამოყოფილი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, მუშაობენ საფრთხის შემცველი, კუსტარული, ან გაუმართავი დანადგარებით. ხშირად არ არის დაცული სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების წესები, არ არსებობს საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმა.
ამასთან, არ ტარდება სათანადო ღონისძიებები დაქირავებულთა ჯანმრთელობაზე, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლებაზე ზრუნვისთვის. არ არის დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.
შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მონიტორინგმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეუსაბამოა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებთან; ირღვევა შვებულების გაცემის წესი, ანაზღაურების გაცემის წესი.
სახალხო დამცველი თავის საპარლამენტო ანგარიშში ასევე სპეციფიკური რეჟიმის სამსახურებში შრომითი უფლებების დარღვევის სისტემურ ფაქტებზეც საუბრობს და მუდმივად მიუთითებს შრომის კოდექსში არსებულ ხარვეზებზე. აღნიშნავს, რომ არ არის განსაზღვრული დღიური სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა, კვირაში სამუშაო დღეების რაოდენობა, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური დასაშვები ზღვარი, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალი. პრობლემურია შრომის მოქმედი კანონმდებლობის აღსრულების პრაქტიკაც და მიუხედავად რიგი საკანონმდებლო გარანტიებისა, რეალურ ცხოვრებაში ისინი ხშირად არ სრულდება.
თანასწორობის პრინციპების დაცვის მიმართულებით შრომის უფლებები განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფების - ქალებისა და შშმ პირების მიმართ ირღვევა. სახალხო დამცველის, როგორც თანასწორობის ორგანოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევების ყველაზე დიდი ნაწილი შრომით ურთიერთობებში ხდება. მათგან, გავრცელებულია სექსუალური შევიწროების, წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში სქესის ნიშნით დისკრიმინაციის და სამუშაო ადგილზე განსხვავებული და პოლიტიკური შეხედულების ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები.
შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების, პრაქტიკული ხელშეწყობისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმების ნაკლებობის გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის უფლების რეალიზება სათანადოდ არ ხდება. დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების არაეფექტურობაზე მეტყველებს სტატისტიკური მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, 2018 წელს, შრომის მართვის საინფორმაციო სისტემა - worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული იყო დასაქმების მაძიებელი 6073 შშმ პირი, ხოლო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში სულ 99 დასაქმდა.
არსებითი გაუმჯობესება არ შეიმჩნევა ქალთა შრომითი უფლებების თვალსაზრისით. 2018 წლის „გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის“ მიხედვით, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურების მიხედვით, საქართველომ 45-ე ადგილიდან 69-ზე გადაინაცვლა. რაც შეეხება აუნაზღაურებელ საოჯახო საქმეში მონაწილეობას, ქალთა წვლილი ამ მიმართულებით თითქმის ორჯერ დიდია (ქალი - 33.3, კაცი - 14.7). ასევე, განსხვავებულია სქესთა შორის შემოსავლის საშუალო მაჩვენებლის თანაფარდობა და კაცის სავარაუდო წლიური შემოსავალი საშუალოდ ორჯერ აღემატება ქალისას (ქალი - 7.2, კაცი - 14.5).
სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში აგრძელებს ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობის შესწავლას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას არსებული ვითარების გამოსასწორებლად.