ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება მარნეულში არასრულწლოვნის გატაცების შესახებ

2020 წლის 14 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში ჩავიდა და პირადად შეხვდა გატაცებული არასრულწლოვანი გოგოს მშობლებს, გატაცების თვითმხილველს და მარნეულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსს.

„გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა, თვითმხილველთა თქმით, არასრულწლოვანს თავზე ტომარა ჩამოაცვეს. იგი წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს და დახმარებას ითხოვდა, თუმცა ვერავინ დაეხმარა. სასწრაფოდ უნდა დადგინდეს გატაცებულის ადგილსამყოფელი და დააბრუნონ იგი თავის სახლში. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება. აუცილებელია დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ, რათა მაგალითი იყოს მათთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა გატაცების მახინჯ პრაქტიკას აგრძელებენ. შესაძლოა სხვადასხვა სცენარი გაავრცელონ, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გატაცება გოგოს ნების საწინააღმდეგოდ მოხდა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გატაცებული არასრულწლოვანი მარნეულში საგანმანათლებლო კურსებს ესწრებოდა და სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი დანაშაულები გოგოებს უშლის ხელს განათლების მიღებაში, ვინაიდან მათ მშობლებს შვილების ქალაქებში სასწავლებლად გაშვება ეშინიათ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)