ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გიგი უგულავას, გ.ს.-ს, დ.ა.-ს, ა.თ.-სა და დ.ა.-ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე იმ საფრთხეების მატერიალიზაციას წარმოადგენს, რომლის გამოც სახალხო დამცველი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვდა.

2020 წლის 10 თებერვალს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ შეცვალა პირველი და მეორე ინსტანციების მიერ დადგენილი განაჩენი და პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიგი უგულავას საბოლოო სასჯელის სახით 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა დაუნიშნა.

აღნიშნულ კოლეგიას თავმჯდომარეობდა შალვა თადუმაძე - უზენაესი სასამართლოს ახალდანიშნული მოსამართლე, რომელიც აღნიშნული საქმის მეორე ინსტანციაში განხილვისას, ასევე, პროკურატურის მიერ საქმის საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

შალვა თადუმაძე აღნიშნულ საქმეზე სასამართლოში პროკურორად არ გამოდიოდა პირადად, თუმცა ეს ვერ გამოდგება არსებული კონტექსტის უგულებელსაყოფად - საქართველოს პროკურატურაში დადგენილია მკაცრად ვერტიკალური დაქვემდებარების სისტემა, სადაც ყველა ქვემდგომი პროკურორი ვალდებულია, ზემდგომი პროკურორის მითითება შეასრულოს, ხოლო პროკურატურის ყველა თანამშრომელი გენერალურ პროკურორს ემორჩილება.[1]

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს მოსამართლის პირადი დამოკიდებულება და ქცევა უნდა ქმნიდეს საზოგადოებაში მისი მიუკერძოებლობის განცდას. მოსამართლემ, რომლის მიკერძოებულობის მიმართაც აშკარა ეჭვი ჩნდება, საქმის განხილვაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

ევროპულ სასამართლოს უკვე აქვს დადგენილი დარღვევა ისეთ საქმეში, სადაც პირი ერთი მხარის წინააღმდეგ ორ საქმეში მონაწილეობდა - პირველ შემთხვევაში გამოდიოდა მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის როლში, ხოლო მოგვიანებით სხვა საქმეში იმავე პირის მიმართ მოსამართლის ფუნქციები შეითავსა.[2] ნათელია, რომ საქმის განხილვის დროს მოქმედი გენერალური პროკურორის მიერ იმავე საქმის მოსამართლის ამპლუაში განხილვა სამართლიანად აჩენს ეჭვებს მისი ობიექტურობის შესახებ.

სწორედ მსგავსი რისკების არიდებისკენ იყო მიმართული სახალხო დამცველის ძალისხმევა მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, რაც ეუთო/ოდირისთვის მიმართვაში, პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოსვლაში, პროცესზე სრულ მონიტორინგსა და საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებაში გამოიხატა.

საკუთარ სპეციალურ ანგარიშში სახალხო დამცველმა დააფიქსირა, რომ ვენეციის კომისიის უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციების არგაზიარებით და პროცესის ნაჩქარევად, ხარვეზიანად წარმართვით, სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობა კიდევ უფრო შეირყეოდა. რეკომენდაციების არგაზიარების შემდგომ, უმკაცრესი შეფასებები გააკეთეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ეუთო-ოდირმა, ევროკავშირმა და არაერთმა სხვა ორგანიზაციამ. სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში დამატებით გაესვა ხაზი შალვა თადუმაძის უმაღლესი განათლების საკითხს, რომლის გარშემოც შესაბამისი კითხვის ნიშნები არსებობდა. სამწუხაროდ, ამ საკითხის საწინააღმდეგო არგუმენტაციის წარმოდგენის გარეშე მოხდა საქართველოს პარლამენტის მიერ შალვა თადუმაძის მოსამართლედ არჩევა.

შესაბამისად, გიგი უგულავას საქმიდან იკვეთება ხარვეზები როგორც მოსამართლის მიუკერძოებლობის, ისე - კანონის საფუძველზე დანიშნული მოსამართლის საკითხთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ საქმეში, სადაც მსგავსი შინაარსის, კერძოდ, მოსამართლის დანიშვნის პროცედურებთან დაკავშირებით ხარვეზები იკვეთებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა უკვე დაადგინა.[3]

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თუკი აღნიშნული საქმის შემდგომი განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება, მას უაღრესად დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ კონკრეტულად გიგი უგულავას საქმის, არამედ მთლიანად, ქართული მართლმსაჯულებისთვის.

საქართველოს სახალხო დამცველი ყურადღებით დააკვირდება საქმის შემდგომ მსვლელობას და მანდატის ფარგლებში, გამოიყენებს მის ხელთ არსებულ უფლებამოსილებებს.


[1] „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლი.

[2] ვეტშტაინი შვეიცარიის წინააღმდეგ, 33958/96, პარა. 47.

[3] გუდმუნდურ ანდრი ასტრადსონი ისლანდიის წინააღმდეგ, 26374/18.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)