სახალხო დამცველის განცხადება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
ყოველწლიურად 21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ამ დღის დაწესება დაუნის სინდრომის მქონე პირების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
2019 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილია „არავინ დატოვო მიღმა“, რაც გულისხმობს გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანის თანაბარ შესაძლებლობას, იცხოვროს თანასწორ გარემოში, ჰქონდეს უწყვეტი პიროვნული განვითარების, განათლების ხელმისაწვდომობის, ჯანმრთელობის დაცვის, სამუშაო და საცხოვრებელი გარემოსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობები.
საქართველოში მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის პრობლემად რჩება დასახელებული შესაძლებლობების უზრუნველყოფა. გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, ქვეყანაში გამოწვევაა ამ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული მომსახურებების არარსებობა, მათი პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, ხარვეზები ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების პროცესში.
მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდეს ზრუნვა დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას ამ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების, უწყვეტი განათლების, დასაქმების, სოციალური და ჯანდაცვის მომსახურებებზე მისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობები ღირსეულ და ჯანსაღ გარემოში.