ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება ბავშვთა დაცვის საერთაშორის დღეს

სახალხო დამცველი ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოში მცხოვრებ თითოეულ არასრულწლოვანს და უსურვებს მათ ბედნიერ და ღირსეულ სიცოცხლესა და განვითარებას.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 1 ივნისი მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და შეახსენებს სახელმწიფოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების სრული გათვალისწინება მომავალი თაობის განვითარების აუცილებელი პირობაა და ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა.

ამასთან, სახალხო დამცველი კვლავ არასაკმარისად მიიჩნევს სახელმწიფოს მიერ ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და განსაკუთრებით გამოყოფს ბავშვის ყველა სახის ძალადობისგან დაცვის საკითხს.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების მგრძნობელობა ბავშვის მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე - ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ ძალადობაზე, ნაადრევ ქორწინებაზე - ძალიან სუსტია. ჩვენ ძალადობად არ მივიჩნევთ ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობის მთელ სპექტრს, სანამ ძალადობა წითელ ხაზებს არ გადაკვეთს და თვალსაჩინოდ დამაზიანებელი არ გახდება. ხშირად, არც მაშინ ვაცნობიერებთ, რა დგას ერთი მძიმე ფაქტის უკან. მეტიც - გარდა იმისა, რომ გვყავს ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების უკიდურესად მცირე რაოდენობა, კვლევამ გვიჩვენა, რომ სწორედ ამ პროფესიის ადამიანების ნაწილი არ ფლობს სათანადო უნარებს, დროულად აღმოაჩინოს და გამოავლინოს ძალადობა. არადა, ძალადობის ფენომენი, პირველ რიგში, სწორედ თავის მცირე და ადრეულ გამოვლინებებში უნდა დაიძლიოს. ეს არის ძალადობის პრევენციის ძირითადი პრინციპი.

ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის დასაცავად არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებამ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა. სახელმწიფო არ გამოყოფს საკმარის რესურსს სფეროში განხორციელებული სისტემური ცვლილებების შესანარჩუნელად და გასაძლიერებლად. კვლავ მაღალია სიღარიბის მიზეზით ბიოლოგიური ოჯახიდან ბავშვის გამოყვანის მაჩვენებელი. არსებული პროგრამები ვერ უზრუნველყოფს საჭიროებებზე მორგებული დახმარების შეთავაზებას. სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის სამსახურის შექმნა კვლავ მომავლის საქმეა.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ სახელმწიფო მეტ ძალისხმევას მიმართავს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ბავშვის ინტერესების დაცვის გაძლიერებისთვის მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)