ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებიდან 6 წელთან დაკავშირებით

2 მაისს 6 წელი შესრულდა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღებიდან, რომელმაც არაერთ ადამიანს უფლებადაცვის ეფექტური საშუალება მისცა. კანონის მიღებით განისაზღვრა სახალხო დამცველის და სასამართლოს უფლებამოსილება, მეორე მხრივ კი, საზოგადოებაში თანასწორობის შესახებ დისკუსია გაჩნდა.

სახალხო დამცველმა, როგორც თანასწორობის ორგანომ, კანონის მიღების დღიდან დისკრიმინაციის 800-ზე მეტი ფაქტი განიხილა და მოამზადა 100-ზე მეტი გადაწყვეტილება. მათ შორის, აღსანიშნავია შშმ ბავშვისთვის განათლების უფლების ეფექტური რეალიზების, ორსული ქალის სამსახურში აღდგენის, C ჰეპატატის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოს მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულების ჩართვა, სექსუალური შევიწროების საჩივრების მექანიზმების დანერგვის და სხვა არაერთი შემთხვევა.

სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ კანონის მიღებით მიღწეული პოზიტიური შედეგი თანაბრად არ ვრცელდება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფზე. უარყოფითი წინასწარგანწყობები, სტიგმები და დისკრიმინაციული პრაქტიკები განსაკუთრებით მწვავედ აისახება კონკრეტული ჯგუფების - ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის თუ ლგბტ+ თემის წარმომადგენლების უფლებრივ მდგომარეობაზე.

კანონის მიღების მიუხედავად, საქართველოში თანასწორობის მდგომარეობის მიღწევის მიმართულებით არაერთი გამოწვევა არსებობს. ამ მხრივ, აუცილებელია:

  • დაინერგოს კონკრეტული ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პოლიტიკა;
  • მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა გააკეთონ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები;
  • კერძო სექტორმა და საზოგადოების სხვა წევრებმა კი დისკრიმინაციის აღმოფხვრის პროცესში მათზე დაკისრებული სამართლებრივი და სოციალური პასუხისმგებლობა გააცნობიერონ.

დაცვის მექანიზმების შესახებ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინფორმირების მიზნით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 500-მდე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარეს. საქართველოს სახალხო დამცველი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მუშაობას თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობისთვის საქართველოში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება