სახალხო დამცველის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს წევრთა არჩევის წესის კანონპროექტთან დაკავშირებით
2019 წლის 19 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს წევრთა არჩევის წესის კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა.
„მე, როგორც სახალხო დამცველს, რომელსაც კონსტიტუციით დავალებული მაქვს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა, ბუნებრივია გვერდს ვერ ავუვლი სასამართლო ხელისუფლების ფორმირების საკითხს. ის, თუ როგორ იქმნება სასამართლო ინსტიტუციები და როგორია პროცედურები ამ მიმართებით, განსაზღვრავს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს უფლებას. სასამართლოს დამოუკიდებლობა ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის ქვაკუთხედი, ხოლო სასამართლოს დამოუკიდებლობას, ნდობას სასამართლოს მიმართ, მეტწილად განაპირობებს ის პროცესი, რის მიხედვითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა, ნომინირება და დანიშვნა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სწორედ ამ მიზნის უზრუნველსაყოფად სახალხო დამცველმა მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR) და მოსაზრების გაზიარება თხოვა. მსოფლიო დონის ექსპერტებმა რეკორდულად მცირე დროში შეძლეს ანგარიშის მომზადება. თავისი რეკომენდაციები წარმოადგინა ასევე ვენეციის კომისიამ. შესაბამისად, დღეს გვაქვს ორი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მოსაზრება იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესს.
სახალხო დამცველმა კანონპროექტისადმი საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულებაზე საუბრისას, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მოსაზრებასთან ერთად, ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებზე, იუსტიციის საბჭოების ევროპული ქსელის დოკუმენტებზე, ევროპელი მოსამართლეების საკონსულტაციო საბჭოს მოსაზრებებზე, კეიპტაუნის პრინციპებზე და სხვა წყაროებზე, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე მნიშვნელოვან სტანდარტებს ადგენენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა არჩევის სისტემას ჰქონდეს საზოგადოების ნდობა, რასაც ევროპული სასამართლო კანონის უზენაესობის პრინციპის აუცილებელ ნაწილად მიიჩნევს.
სასამართლო ხელისუფლებაში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის შიდა საფრთხეებზე არის საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წლევანდელი ანგარიშშიც.
ამ შეფასებების ფონზე, დღეს, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულ კონფრონტაციაში არიან ერთმანეთთან და არანაირი დიალოგის რესურსი აღარ არსებობს. მითუმეტეს, რომ სასამართლო სისტემის უპირველესი ვალდებულება საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ეფექტური და გამჭვირვალე კომუნიკაციის წარმოებაა.
გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პროცესები მუდმივი დაძაბულობის პირობებში მიმდინარეობს. საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის არის აქტიური დაპირისპირება ყოველდღიურად.
სახალხო დამცველი ბოლო რამდენიმე თვეა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის შესახებ კანონპროექტის ხარვეზებზე მიუთითებს. პარლამენტში გამოსვლისას მან თავისი არგუმენტები ვენეციის კომისიის, ოდირის და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით გაამყარა და კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.
ნინო ლომჯარიამ კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა რეკომენდაციების ნაწილი და კანონპროექტიდან ამოიღო სამოსამართლო გამოცდილების არმქონე კანდიდატებისათვის გამოცდის ჩაბარების აუცილებლობა. ასევე, გაიზიარა მოსაზრებები ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, გამოირიცხა კანდიდატების შერჩევის ყველა პროცედურიდან. მაგრამ სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, დაზუსტდეს, რომ საბჭოს წევრი საერთოდ არ უნდა ესწრებოდეს სხდომას და მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არ შეასრულოს არც ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო ფუნქციები; მათ შორის, არ უნდა გაეცნოს სხვა კანდიდატების შესახებ ინფორმაციასაც.
სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოსამართლეთა შერჩევის ყველა ეტაპზე ფარული კენჭისყრის არამართებულობაზე და განაცხადა, რომ ასეთი სისტემა ეჭვქვეშ აყენებს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობას და გამორიცხავს გასაჩივრების მექანიზმს.
კანონპროექტში საერთოდ არ არის ასახული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ისეთი ფუნდამენტური პრინციპების რეალიზების გარანტიებს, როგორებიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა და მოსამართლეების მოუკერძოებლობა.
თავისი გამოსვლის დასასრულს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს შესთავაზა გაგრძელდეს კანონპროექტზე დამატებითი მუშაობა, რათა გამოყენებულ იქნას ყველა საშუალება, მათ შორის, გათვალისწინებული იყოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების მოსაზრებები, და საბოლოო ჯამში ქვეყანამ მიიღოს ისეთი დოკუმენტი, რომელიც სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს. აქვე, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ მისი მოწვევით ODIHR-ის ექსპერტები საქართველოში ჩამოვლენ 16 და 17 მაისს, რაც მათთან ერთად საკითხის განხილვის შესაძლებლობას იძლევა.
პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა.