ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა იტალიის ქალაქ რომში გამართულ პანელურ დისკუსიებში და კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

2023 წლის 13 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა აკაკი კუხალეიშვილმა და ნინო ბერიშვილმა მონაწილეობა მიიღეს იტალიის თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების ეროვნული გარანტორის ორგანიზებით რომში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც იძულებით დაბრუნებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას მიეძღვნა.

14 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ასევე დაესწრნენ იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატაში გამართულ კონფერენციას თემაზე: „ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფა იძულებითი დაბრუნების ოპერაციებში: ევროპული პერსპექტივა“. კონფერენციაზე მოხსენებით გამოსულმა სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ აკაკი კუხალეიშვილმა იძულებით დაბრუნების ოპერაციების მონიტორინგზე და საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტში იტალიის თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების ეროვნულ გარანტორსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც იძულებითი დაბრუნების მონიტორინგის კუთხით ორ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)