ახალი ამბები

სახალხო დამცველი ვალეს ე.წ. მეორე შახტის დასახლების მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

2023 წლის 25 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს ე.წ. მეორე შახტის დასახლება მონახულა, მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

„ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ამ ადამიანთა საცხოვრებელი პირობები. მათ სახლებში არ აქვთ წყალი, არ აქვთ სველი წერტილები, არ აქვთ ბუნებრივი აირი. ამას ემატება ისიც, რომ შენობები, რომლებში ისინი ცხოვრობენ ნგრევის პირას არის და ოჯახები, მცირეწლოვანი ბავშვებითა და ხანდაზმულებით, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის მუდმივი საფრთხის წინაშე დგანან. დასახლებას არ აქვს გზა და შესაბამისად, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტით არის უზრუნველყოფილი. ეს ადამიანები სრულიად მიტოვებული და გარიყულნი არიან.

მე შევეცდები, მივმართო ყველას, ვისაც ეხება და ხელეწიფება ამ ადამიანთა პირობების გაუმჯობესება. საქართველოში სულ რამდენიმე საცხოვრებელია ამგვარ სავალალო მდგომარეობაში, რასაც სწრაფი რეაგირება და პრობლემების დროული გადაწყვეტა სჭირდება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვალედან სახალხო დამცველი ახალციხეში ჩავიდა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს ბესიკ ამირანაშვილს შეხვდა, სადაც ე.წ. მეორე შახტის დასახლების მაცხოვრებელთა პრობლემების გარდა რეგიონში მცხოვრები უმცირესობების ინტეგრაციისა და სახელმწიფო ენისცოდნისსაკითხებიც განიხილეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)