ახალი ამბები

სახალხო დამცველი თბილისი პრაიდის წარმომადგენლებს შეხვდა

2020 წლის პირველ სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე თბილისი პრაიდის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ორგანიზაციის საქმიანობას და არსებულ გამოწვევებს გაეცნენ.

2020 წლის მაისის შემდეგ სისტემატური ხასიათი აქვს კანონსაწინააღმდეგო ფაქტების სერიას რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მიერ, რაც გამოიხატება თბილისი პრადის ოფისის საღებავით დაზიანების, კვერცხების სროლის, დროშის მოპარვის ფაქტებში. ოფისის შესასვლელთან პერიოდულად იმართება შეკრებები, რომელზეც ისმის სიძულვილის ენა, პრაიდის აქტივისტების მიმართ ხშირია სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა.

ამ განგრძობით ძალადობას უარყოფითი გავლენა აქვს როგორც „თბილისი პრაიდის“ თანამშრომლებზე, აქტივისტებსა და უფლებადამცველებზე, ისე, ზოგადად, ლგბტ+ თემის წევრებზე, ქვიარ ადამიანებსა და მათ უფლებრივ მდგომარეობაზე. „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს სტრესის ქვეშ ამყოფებს ორგანიზაციის თანამშრომლებს, ხელს უშლის მათ მუშაობაში, აღრმავებს ქვიარ ადამიანების მიმართ არსებულ ზიზღს, სტიგმას და ახალისებს ლგბტ+ თემის მიმართ ძალადობას.

მიუხედავად ამისა, სამართალდამცავი უწყება დღემდე ვერ ახერხებს ძალადობის პრევენციას და რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ინციდენტები ამ დრომდე გრძელდება, რაც ხელს უშლის ორგანიზაციის საქმიანობას. ბოლო დროს, ლგბტ+ უფლებადამცველების მიმართ განხორციელებული შევიწროების და მუქარის ფაქტები ერთგვარი ილუსტრაციაა იმისა, რომ უფლებების შეზღუდვისას, კერძო პირებთან მიმართებაში, უმეტეს შემთხვევაში, სახელმწიფო ეფექტურ რეაგირებას ვერ ახდენს. შედეგად, ქვეყანაში კვლავ მაღალია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ლგბტ+ პირების მიმართ ძალადობის ფაქტები.

შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, სამართალდამცავი უწყებების მიერ მსგავსი შემთხვევების პრევენცია, უფლებადამცველების მიმართ მუქარის და ძალადობის ფაქტების და მათგან მომდინარე რისკების სწორად შეფასება და ეფექტური რეაგირება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება