ახალი ამბები

სახალხო დამცველი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტლებას, რომლის თანახმად, რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის გამო, რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.

„დღეს დავინახეთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი, მაშინაც კი, როდესაც დიდ და გავლენიან სახელმწიფოს უპირისპირდები - და ევროპული სასამართლო არის ეს ადგილი!“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

2019 წლის 31 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით კომპენსაციის თანხა 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებულ 1 795 დაზარალებულზე გადანაწილდება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2 ათასი ევრო უნდა გადაუხადონ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართებით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 პროტოკოლის მე-4 მუხლი (კოლექტიური გაძევება) და 10.000-დან 15.000-მდე ევრო მათ, ვისთანაც მიმართებაში დაირღვა მე-5 მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე-3 მუხლი (დაკავების არაადამიანური და დამამცირებელი პირობები).

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებული პროცედურები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2014 წელს საქართველომ 2006 წელს ქართველების მასობრივი დაკავებისა და რუსეთიდან დეპორტაციის საკითხზე სამართლებრივი დავა მოიგო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)