სახალხო დამცველი ეხმიანება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლებისთვის ქონებრივი უფლების იძულებით დათმობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2018 წლის თებერვლიდან სწავლობს ტელეკომპანია „რუსთავის 2–ის“ დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებებს. მათი განმარტებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც მიმდინარეობს 2004 წლის ივნისში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ჭიანურდება გამოძიება.
საქმის შესწავლის პროცესში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა რამდენჯერმე -2018 წლის 26 აპრილს, 1 ივნისს, 29 ოქტომბერს, 2019 წლის 31 იანვარს, 27 თებერვალს, 19 და 28 მარტსა და 5 ივნისს - მიმართა საქართველოს პროკურატურას. ასევე, აპარატმა გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდან (2019 წლის 31 იანვარს, 28 მარტსა და 2 მაისს).
სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ მოცემული საქმისთვის ერთ-ერთი მნიშნელოვანი მტკიცებულების მიღების მიზნით დანიშნული ექსპერტიზა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვერ დასრულდა, ვინაიდან ექსპერტიზის ბიუროსთვის საქართველოს პროკურატურას საკვლევი მასალები, ამ დრომდე, სრულად არ წარუდგენია. კერძოდ, მოცემულ საქმეზე საფინანსო-სასაქონლო ექსპერტიზა დაინიშნა 2018 წლის აპრილში, ხოლო იმავე წლის ივნისში დამკვეთი მხარისგან (პროკურატურა) დაისვა დამატებითი შეკითხვა. 2018 წლის 17 აპრილს და 7 ივნისს ექსპერტიზის ბიურომ დამკვეთისგან გამოითხოვა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ იქნა წარმოდგენილი. საექსპერტო ბიუროს განმარტებით, საექსპერტო გამოკვლევა დასრულდება საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემდეგ.
საქართველოს პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარეობს მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოპოვება, რაც მისი მოცულობიდან გამომდინარე საჭიროებს გარკვეულ დროს და მოპოვებისთანავე გადაეცემა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს საექსპერტო კვლევისათვის.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სახალხო დამცველმა განიხილა საქართველოს მთავარ პროკურორთან შეხვედრისას და მიაწოდა ინფორმაცია გაჭიანურებული გამოძიების თაობაზე.
ნიშანდობლივია, რომ მოცემულ საქმეზე ხანდაზმულობის 15 წლიანი ვადა გადის 2019 წლის ივნისში. სწორედ, ამ გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა კვლავ მიმართა 5 ივნისს პროკურატურას, რათა გარკვეულიყო მოესწრებოდა თუ არა საჭირო მასალების მოპოვება და ექსპერტიზის ბიუროსთვის მიწოდება. პროკურატურიდან პასუხი ჯერჯერობით აპარატს მიღებული არ აქვს.
მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას წარმოადგინოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გაჭიანურდა საქმის გამოძიება და რატომ არ იქნა მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება აქამდე.