სახალხო დამცველი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტის გამოძიების მიმდინარეობას მონიტორინგს გაუწევს
2019 წლის 18 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას შეხვდა, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტობრივი გარემოებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
სახალხო დამცველი მომხდარ ფაქტს სისტემურ პრობლემად აფასებს და აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებამ გამოკითხვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დარღვევით ჩაატარა და რომ პოლიციის განყოფილებაში გარდაცვლილისა და სხვა ბავშვებისთვის არა თუ კეთილგანწყობილი, არამედ პირიქით, მტრული გარემო იყო შექმნილი; ამიტომ ბავშვები ვერ გრძნობდნენ თავს დაცულად, რაც შეიძლება მათზე ზეწოლად ჩაითვალოს.
სახალხო დამცველი ასევე დაინტერესდა იცოდნენ თუ არა არასრულწლოვნებმა, რომ მათი მისვლა მოწმის სტატუსით დაკითხვისას ნებაყოფლობითი იყო.
„სახალხო დამცველი სწავლობს ამ საქმეს, არამხოლოდ იმ ჭრილში, თუ როგორ მოექცნენ მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, არამედ ამ საქმეს ჩვენ ვუყურებთ კომპლექსურად. გვაინტერესებს რა იყო წინარე ისტორია და როგორ მოიქცა სკოლა. აპარატი შეაფასებს რატომ არ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი უწყებებისა და პირების მხრიდან ბავშვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის კუთხით,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ შეხვედრის შემდეგ.
სახალხო დამცველმა მიიღო დაპირება სახელმწიფო ინსპექტორისგან, რომ მას ექნება საქმის მასალებზე წვდომა. სახალხო დამცველი სრულად გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და თვალს მიადევნებს გამოძიების მიმდინარეობას.
საქმის შესწავლა და მიზეზების დადგენა ომბუდსმენის აპარატმა თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტის შეტყობისთანავე დაიწყო.