საქართველოს სახალხო დამცველმა ბავშვზე ალტერნატიული ზრუნვის სახელმწიფო სისტემა შეაფასა
2019 წლის 14 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგის - ალტერნატიული ზრუნვის ეფექტიანობის“ შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის მხარდაჭერით მოამზადა.
ბავშვზე ალტერნატიული ზრუნვის სისტემის მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა 43 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, 128 მინდობისა და 68 რეინტეგრაციის სერვისში ჩართული ოჯახი, 7 რელიგიური სკოლა-პანსიონი შეაფასა. ასევე, არასრულწლოვანთა საჭიროებებისა და უფლებრივი მდგომარეობის კუთხით საჭიროებების შესასწავლად განხორციელდა ვიზიტები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 64 ტერიტორიულ ერთეულში.
„გადაუჭრელ პრობლემად რჩება ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირება, რთული ქცევისა და კრიზისული მდგომარეობის მართვა, ბავშვზე ძალადობის ფაქტების პრევენცია, მათზე დროული რეაგირება და ფსიქო-სოციალური დახმარება. სახელმწიფოს არ გააჩნია სისტემური ხედვა ბავშვთა სიღარიბის დაძლევის და ოჯახების სოციალური ფუნქციის ამაღლების მიმართულებით. არსებული პროგრამები ვერ პასუხობს ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებებს, რაც შესაბამისად უარყოფითად აისახება ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. პრობლემად რჩება ბავშვზე ზრუნვის სფეროში არსებული ხარვეზები, შესაბამისი სპეციალისტების, ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობრივი სიმცირე და მათი ეფექტიანი ჩართულობის პრობლემები“- განაცხადა სახალხო დამცველმა ღონისძიების გახნისას.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი წლებია აქტიურად თანამშრომლობს სახალხო დამცველის ოფისთან და მხარს უჭერს მას ბავშვთა უფლებების დამოუკიდებელ მონიტორინგში. „სახალხო დამცველის დღეს გამოქვეყნებულ ანაგრიშში ასახულია ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვები დგანან. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, როგორებიცაა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისათვის სპეციალური ფულადი დახმარების შემოღება, საკანონმდებლო ინიციატივები სოციალური სამუშაოს გაუმჯობესების, ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის და მინდობით აღზრდის შესახებ. თუმცა კვლავ პრობლემაა ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების სიმწირე, სოციალური სამუშაოს ხარისხი, ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ნაკლებობა და სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ბავშვების დახმარება. გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მთავრობასა და სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობას ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით,“ - განაცხადა იუნისეფის წარმომადგენელმა.
სპეციალური ანგარიში სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია გედევანიშვილმა და დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარიამ ბოჭორიშვილმა და თამთა ბაბუნაშვილმა წარმოადგინეს.
მონიტორინგმა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით არაერთი გამოწვევა გამოავლინა. წლების განმავლობაში რჩება პრობლემები ბავშვის მიმართ ძალადობის, განათლების უფლების განხორციელების, არასრულწლოვანთა სათანადო ფსიქოლოგიური/სარეაბილიტაციო სერვისებით უზრუნველყოფის, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების, ზრუნვის პროცესში ჩართულ პირთა კვალიფიკაციისა და როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსის ნაკლებობის მიმართულებით.
გარდა ამისა, გამოვლინდა, რომ არ არის უზრუნველყოფილი არასრულწლოვნების ბიოლოგიური ოჯახებიდან ბავშვთა სიღარიბის საფუძვლით განცალკევების პრევენცია, რადგან სოციალური დაცვის სისტემა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებს ეფექტიან, შედეგზე ორიენტირებულ, ბავშვზე ზრუნვისა და სოციალურ პროგრამებს ვერ სთავაზობს.
სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი არასრულწლოვნები აუცილებლად უნდა სარგებლობდნენ დაცვის მაღალი სტანდარტით, რადგან სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნის მრავალწლიანი გამოცდილება, მომსახურების ფორმების ხშირი ცვლა, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ქცევითი პრობლემები, ძალადობის გამოცდილება, ბიოლოგიური ოჯახისგან განცალკევება არასრულწლოვანთათვის სტრესულ ფაქტორებს წარმოადგენს და ბავშვისადმი განსაკუთრებული მოპყრობის, მათი მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფის აუცილებლობას წარმოშობს.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა წარმოადგინა რეკომენდაციები, რომელთა შესრულება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემაში არსებულ მდგომარეობას.