ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ფაქტის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ მისივე თანამშრომლის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ. სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართა სამართალდამცავ უწყებას და მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მიმდინარეობას მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში.

საკითხის სიმძიმიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას ეფექტურად წარიმართოს გამოძიება, მათ შორის, დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო თუ სხვა საპროცესო მოქმედება. ამასთან, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ყველა ეჭვი საქმის მიკერძოებით თუ პოლიტიკური ინტერესით განხილვის მიმართულებით და საგამოძიებო ორგანომ აქტიურად ითანამშრომლოს სავარაუდო მსხვერპლთან და მის წარმომადგენელთან.

მნიშვნელოვანია საზოგადოებას ახსოვდეს, რომ საქართველოში არაერთი ქალი განიცდის ძალადობას, შევიწროებას და ჩაგვრას. მსხვერპლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა, რათა შეძლონ ძალადობრივ გამოცდილებაზე ხმამაღლა საუბარი და საკუთარი უფლებების დაცვა. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული შემთხვევის განხილვისას საზოგადოების გარკვეული ნაწილი ნაკლებად იყო სოლიდარული სავარაუდო მსხვერპლის მიმართ, ადანაშაულებდა მას და ავრცელებდა მისი პატივის და ღირსების შემლახველ ინფორმაციას, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

მნიშვნელოვანია ყველა შესაბამისი უწყების აქტიური ჩართულობა სავარაუდო მსხვერპლის დაცვის და დახმარების მიმართულებით. თავის მხრივ, სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მიმდინარეობის პროცესს და ამ მიზნით მჭიდრო კომუნიკაცია ექნება სავარაუდო მსხვერპლთან და მისი ინტერესების დამცველთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება