საქართველოს სახალხო დამცველი საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას უკანონო დაკავების ფაქტს ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველი საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონო დაკავების ფაქტს ეხმიანება. დაკავების შესახებ გავრცელების მომენტიდან სახალხო დამცველი ჩართულია საქმის შესწავლის პროცესში. სახალხო დამცველს დახმარების თხოვნით დაკავებულის ოჯახის წევრებმაც მიმართეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ბებუამ დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა დაწვა, თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოები მას ასევე სხვისი ქონების განზრახ განადგურებას და საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობას ედავება.
ირაკლი ბებუას მიერ სავარაუდოდ განხორციელებული ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, მაღალია ალბათობა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ მის მიმართ ბრალი ხელოვნურად დაამძიმა.
საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ადამიანის ძირითადი უფლებების მოქმედება, მათ შორის პირის უფლება დაცული იყოს თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან, უსამართლო სასამართლოსგან - ვრცელდება მთავრობების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზეც.
საერთაშორისო სამართლით, არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ერთი მხრივ, ოკუპანტ სახელმწიფოს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს, ასევე დე ფაქტო ხელისუფლებებს.
შექმნილ ვითარებაში, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.